მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ამ მოთხოვნით ბათუმში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელისთვის სისხლის სამართლის ბრალის წაყენება და პატიმრობა არა მარტო ადგილობრივი მედიის, არამედ სხვადასხვა რეგიონიდან და დედაქალაქიდან ჩასულმა ჟურნალისტებმა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამაღლობელის დაკავების ფაქტი არის იმის მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ სიტყვას. მათი შეფასებით, „ბათუმელები“ არის გამოცემა, რომელიც გამორჩეულია ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით და ორ ათეულ წელზე მეტია, მოახერხა უმაღლესი ავტორიტეტის მოპოვება, რაც ხელისუფლებისთვის სერიოზული დისკომფორტია.
„მზია ამაღლობელის დაკავება ნიშნავს იმას, რომ ხვალ ეს სისტემა დაიჭერს ყველა წესიერ ადამიანს, ისე, რომ მას არ დასჭირდება რაიმე მიზეზის მოძებნა“, – ამბობს „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე.
ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო ხვალ იმსჯელებს.