„ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა
„ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ადვოკატ პაატა დიასამიძის განცხადებით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ საქმის მასალებს სრულად არ გასცნობია.

„პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს ეს მუხლი და შემდგომ უკვე უნდა წარადგინონ შუამდგომლობა სასამართლოში, სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. ახლა გადმოგვეცა საქმის მასალები და ჯერ სრულად არ გავცნობივართ. როცა გავეცნობით, შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია და სტრატეგია დაცვის მხარეს. ბრალის გაცნობას ქალბატონი მზიაც ესწრებოდა ადვოკატებთან ერთად. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. როცა გავეცნობით საქმის მასალებს, ვნახავთ, რა იქნება საქმის მასალებში, მათ შორის წარმოგვიდგინეს ვიდეოჩანაწერები დისკების სახით და მოწმეთა ჩვენებები“, – განაცხადა ადვოკატმა პაატა დიასამიძემ.

მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.