საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
საქართველო გრანდიოზული საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობისთვის აქტიურად ემზადება. უკვე დასრულებულია მთავარი სცენის და დეკორაციის მონტაჟი. მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვაც.
გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების მსურველთათვის ბილეთები იყიდება ვებ პორტალსა და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში. შოუს გენერალური რეპეტიცია 25 ნოემბერს გაიმართება და მთავარი ღონისძიების იდენტური იქნება.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა.
კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ხმის მიცემის საშუალებით, შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს.
ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება.
საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ კონკურსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონკურსში ინტეგრირებული იქნება მინი-ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ, რომლებიც სპეციალურად დამზადდა ევროვიზიისთვის და, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, ევროვიზია ერთი და ორი კონცერტით არ სრულდება, ეს არის კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც 19 ნოემბერს დაიწყება და 26 ნოემბერს დასრულდება.