მწვრთნელთა სემინარი თბილისში - სასწავლო პროცესს უეფა-ს სპეციალისტები უძღვებიან
მწვრთნელთა სემინარი თბილისში - სასწავლო პროცესს უეფა-ს სპეციალისტები უძღვებიან

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ მწვრთნელთა საერთაშორისო სემინარი გაიხსნა, რომელიც სამი დღე გაგრძელდება.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების სემინარი ევროპაში მერვე წელია ტარდება, საქართველო კი სემინარს პირველად მასპინძლობს. ქართველ სპეციალისტებთან ერთად მასში მონაწილეობას ალბანეთის, ანდორას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, ყაზახეთისა და მოლდოვას წარმომადგენლები მიიღებენ. სასწავლო პროცესს უეფა-ს ჟირა პანელის წევრები დენი რაიზერი და გენადი სკურტული გაუძღვებიან და ის, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და უეფა-ს მწვრთნელთა განათლების სპეციალისტმა, ჯოზეფ ზაჰორსკიმ მიმართეს.

„მწვრთნელთა განათლება ჩვენი ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია. ბოლო წლებში ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილებები განვახორციელეთ. უეფა-ს ორგანიზებით მწვრთნელთა სემინარს პირველად ვმასპინძლობთ. აღნიშნული სემინარის მთავარი მიზანია, რომ მწვრთნელთა განათლებაში არსებული ყველა სიახლე და გამოწვევა კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ მსგავს ღონისძიებას ვმასპინძლობთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სემინარი ყველა მონაწილე სპეციალისტისთვის პროდუქტიული იქნება და ყველას წარმატებას ვუსურვებ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

უეფა-ს ჟირა პანელის წევრის, დენი რაიზერის განცხადებით, სემინარის მთავარი მიზანია, მწვრთნელებს ამ სფეროში არსებული სიახლეები გააცნონ.

„ეს სემინარი ძალიან კარგი საშუალებაა, რომ მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი იდეები გაუზიარონ. ამის შემდეგ თითოეულს ექნება საშუალება, რომ სიახლეები საკუთარ ქვეყანაში დანერგოს“,- განაცხადა რაიზერმა.