მწვრთნელობის მსურველებში ერთი გოგონაა - „პეტრო-არენაზე“ გამოცდები გაიმართა #1TVSPORT
მწვრთნელობის მსურველებში ერთი გოგონაა - „პეტრო-არენაზე“ გამოცდები გაიმართა #1TVSPORT

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნული კურსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.

მემორანდუმის თანახმად ფეხბურთის ფედერაცია სპორტის უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული სიის მიხედვით, კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ამჟამად პროცესში 14 ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ერთი გოგონა. საგამოცდო მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

მწვრთნელთა ამ კატეგორიაში უმრავლესობა დამწყები სპეციალისტია, საფეხბურთო სკოლებში ან სკოლაში ასწავლიან ფეხბურთის საფუძვლებს. ამდენად, მათ განათლებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, მომავალში რა დონის მოთამაშეები გვეყოლება.