ცნობილი გახდა იმ მოთამაშეთა ვინაობა, რომლებიც ქუთაისის „ტორპედოში“ დარჩნენ. მათ შორის არიან გუნდის კაპიტანი როინ კვასხვაძე, ნახევარმცველი მათე ცინცაძე და ეროვნული ლიგის ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე.
რაც მთავარია, „ტორპედოდან“ არსად წასულა კახა ჩხეტიანი და მისი შტაბი, რომელთაც გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებები უკავშირდება.
დარჩენილთა სრული სია კი ასე გამოიყურება – როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ვაჟა ტაბატაძე, მათე ცინცაძე, თენგიზ წიქარიძე. გრიგოლ დოლიძე, თორნიკე კაპანაძე, ბუდუ ზივზივაძე. ეს ფეხბურთელები „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 21-ე ტურის მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც წყალტუბოში გაიმართება, „ტორპედო“ კი თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.
ამას ქუთაისელთა ფან-კლუბი „ჩვენ ვართ ტორპედო“ ფეისბუქ-გვერდზე საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
„ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბის სახელით გვინდა მადლობა გადაუხადოთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მძიმე ვითარების მიუხედავად გუნდში დარჩნენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი შეძენით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული. მაგრამ ამის მიუხედავად ამისა „ტორპედოში“ არიან. მადლობა ბიჭებო – ამას არასდროს დაგივიწყებთ. ასევე წარმატება გვინდა ვუსურვოთ ახალგაზრდა ტორპედოელებს, რომლებიც პირველ გუნდში დაწინაურდნენ. ჩვენ გვჯერა თქვენი და ეს შანსი ბოლომდე გამოიყენეთ. თქვენზე ბევრია დამოკიდებული. ახლა ყველა ისე უნდა დავდგეთ ერთად და იმაზე ძლიერები დავბრუნდებით, ვიდრე ვიყავით“, – წერია „ჩვენ ვართ ტორპედოს“ განცხადებაში.