„მწვანეთა პარტია“ - მოვითხოვთ, უმკაცრესად დაისაჯოს პარლამენტში მომხდარი დანაშაულის ყველა მონაწილე
მოვითხოვთ, უმკაცრესად დაისაჯოს პარლამენტში მომხდარი დანაშაულის ყველა მონაწილე
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ მოითხოვს, უმკაცრესად დაისაჯოს პარლამენტში მომხდარი დანაშაულის ყველა მონაწილე.
„12 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს ტოქსიკური ნივთიერების გავრცელების შედეგად მძიმედ დაშავდნენ მოსამსახურე პერსონალი და პარლამენტის წევრები.
საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცედენტო დანაშაულებრივი აქტი აშკარად ტერორისტულ მიზნებს ისახავდა, რადგან, „სისხლის სამართლის კოდექსის“ მუხლი 323-ს მიხედვით – „ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება“. (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე; ხოლო ქმედების ჩადენის მუქარა − ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე).
შეგახსენებთ, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და პარლამენტი უმთავრესი სახელისუფლებო ორგანოა.
ამ წლის განმავლობაში ეს კი უკვე მასზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა, მისი პარალიზების ან ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით, რომელთაც როგორც ჩანს ერთი ავტორი ყავს. გამომდინარე აქედან, მოვითხოვთ,
სასწრაფოდ მოხდეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტოქსიკური ნივთიერების გამავრცელებლები იდენტიფიცირებული, ასევე, ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დაისაჯონ უმკაცრესად“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.