მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მიხეილ გიორგაძეს ხვდებიან
მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მიხეილ გიორგაძეს ხვდებიან

ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ხვდებიან. მათი განცხადებით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საფრთხის ქვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ამ პროექტის ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა.

განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მედეა მეტრეველთან ერთად პროექტს დატოვებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მთელი გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე მხოლოდ 10 თვე რჩება. მიხეილ გიორგაძესთან გამართული შეხვედრის მიზანი იმ რისკებისა და საფრთხეების ჩვენებაა, რომელიც ამ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს.

ორი დღის წინ გიორგაძემ განაცხადა, რომ თუ წიგნის ცენტრის ხელმძღვანელი არ შეცვლის მოთხოვნებს, მინისტრი იძულებული იქნება, მისი განცხადება დააკმაყოფილოს.