მიხეილ გიორგაძე - თუ წიგნის ცენტრის ხელმძღვანელი არ შეცვლის მოთხოვნებს, იძულებული ვიქნები, მისი განცხადება დავაკმაყოფილო
მიხეილ გიორგაძე - თუ წიგნის ცენტრის ხელმძღვანელი არ შეცვლის მოთხოვნებს, იძულებული ვიქნები, მისი განცხადება დავაკმაყოფილო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოთხოვნებსა და პირობებს უსამართლოს უწოდებს.

“წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა შემოიტანა განცხადება გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სადაც გარკვეული პირობები არის ჩამოთვლილი რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ის მზად არის გააგრძელოს მუშაობა. ეს პირობები ვთვლი, რომ არ არის სწორი არც შინაარსობრივად, და თუ ხელმძღვანელი არ შეიცვლის პოზიციას, იძულებული ვიქნები მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილო, – განაცხადა გიორგაძემ.

მისი განცხადებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თემით სკანდალის შექმნასა და მანიპულირებას ცდილობს.

„ტყუილა გაბერილი და აგორებული სკანდალური თემაა, რაც არაერთხელ გვინახავს და ბოლოს აღმოჩნდებოდა, რომ კონკრეტული ადამიანების ინტერპრეტაციების შედეგი იყო”,- აღნიშნა მინისტრმა.

გიორგაძის თქმით, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი ქვეყნის პრესტიჟის საკითხია და მისი მასშტაბისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია სამინისტროს ჩართულობა.

„არაერთხელ ითქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ამიტომ პასუხისმგებლობა სსიპ-ის დონიდან ავწიეთ უფრო მაღლა, სამინისტროს დონეზე. პროექტი არ არის მხოლოდ ლიტერატურული პროგრამა, შესაბამისად მხოლოდ სსიპ-ის ხელმძღვანელი ვერ იქნება მთელი პროექტის ხელმძღვანელი. იქ ბევრი მნიშვნელოვანი ელემენტია, მათ შორის პიარის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ცენტრს დავუტოვეთ ყველა ის ფუნქცია, რაც მას მანამდე ჰქონდა, თუმცა მოთხოვნა და პირობა, რაც ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ის არის, რომ სსიპ-ს დავუტოვოთ მხოლოდ და მხოლოდ იმპლემენტაცია ლიტერატურული პროგრამის ნაწილში, რაც ვფიქრობ, არასწორია. სწორედ იმიტომ შეიქმნა სსიპ-ი, რომ სხვადასხვა სახის ლოჯისტიკური, ორგანიზაციული საკითხებისთვის მიეხედა. მოთხოვნა არის, რომ ცენტრს მოგვაშორეთ ყველაფერი, დაგვიტოვეთ მხოლოდ ლიტერატურული პროგრამა. პრინციპულად არასწორი მგონია ეს მოთხოვნა და შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, თუ არ შეიცვლება ეს მოთხოვნა, იძულებული ვიქნები დავაკმაყოფილო დირექტორის განცხადება გათავისუფლების შესახებ“, – განაცხადა გიორგაძემ.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე  განცხადება დაწერა.

დღეს სამოცამდე მწერალმა, გამომცემელმა და მთარგმნელმა ღია წერილით მიმართა პრეზიდენტს, პრემიერსა და მინისტრს, არ დაუშვან მეტრეველის გათავისუფლება.

დატოვე კომენტარი