მურმან დუმბაძე - მიშიმშილია, მიბრძოლია, დავსველებულვარ, ციხეში ვყოფილვარ და ვიცი, რა  არის შიმშილი, შიმშილი არის აზრი
მურმან დუმბაძე - მიშიმშილია, მიბრძოლია, დავსველებულვარ, ციხეში ვყოფილვარ და ვიცი, რა  არის შიმშილი, შიმშილი არის აზრი

შეგიძლიათ, დამისახელოთ ერთი ადამიანი მაინც დღევანდელი ხელისუფლების მმართველ რგოლში მყოფთაგან, რომელიც თუნდაც მდგარა მიტინგზე, რომელსაც უშიმშილია, რომელსაც დაუძახია ერთხელ მიკროფონთან „საქართველოს გაუმარჯოს, რომელიც ციხეში მომხვდარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმა დუმბაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, რომელზეც მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი.

„სამწუხაროდ, საქართველოს პენიტენციურმა სისტემამ, მისმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ არ იციან, რა არის შიმშილის დეფინიცია. რატომ? იმიტომ, რომ 30 წლის განმავლობაში ერთი დღე შეგიძლიათ, დამისახელოთ ერთი ადამიანი მაინც დღევანდელი ხელისუფლების მმართველ რგოლში მყოფი ადამიანებიდან, რომელიც თუნდაც მდგარა მიტინგზე, რომელსაც უშიმშილია, რომელსაც დაუძახია ერთხელ მიკროფონთან „საქართველოს გაუმარჯოს“, რომელიც ერთხელ ციხეში მოხვედრილა? მე ვამბობ, რომ საქართველოში შიმშილი, ხილფაფის შეჭმა და თხევადი ვიტამინის მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არ არის სამართალი.

ახლა ამ ვიდეოკადრის გამოდგმით რა უნდა მიჩვენოს მე, მურმან დუმბაძეს? რა უნდა გადამაფიქრებინოს, რომ მეორედ მიტინგზე არ მოვიდე? ეს ხომ შეუძლებელია“, – განაცხადა მურმან დუმბაძე.

მისივე თქმით, კადრებზე აღბეჭდილი არის სამედიცინო პროცედურა, რადგან ფაქტი ხდება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

„ეს არის სამედიცინო ოთახში, ეს ხდება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ეს არის სამედიცინო პროცედურა და რას გვაძლევს ეს 37-ე დღეს, რომ პოლიტიკური პატიმარი აღარ არის მიხეილ სააკაშვილი?“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მურმან დუმბაძის თქმით, პენიტენციურ სამსახურში არ იციან შიმშილის დეფინიცია არ იციან.

„მე ვიცი, რადგან მე მიშიმშილია და მიბრძოლია, დავსველებულვარ, მე ციხეში ვყოფილვარ და ვიცი, რა  არის შიმშილი. შიმშილი არის აზრი, ეს არის პოლიტიკური ფორმა, ეს არის მეთოდი, რომ კიდევ კარგად მიახვედრო ხელისუფლება, რომ ის არასწორად იქცევა. და ახლა ხილფაფას მომაწვდიან, თხევად ვიტამინს მომაწვდიან თუ პირში რაღაცას ჩამთხრიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ეს შიმშილის შეწყვეტა არ არის“, – განაცხადა მურმან დუმბაძე.