მურად აბლოთია - 2020 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართი კიდევ ექვსი ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა
მურად აბლოთია - 2020 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართი კიდევ ექვსი ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, მურად აბლოთია ​აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დღევანდელ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

აბლოთიას განმარტებით, ერთიანად იმ ადამიანების დაკმაყოფილება, ვინც დღემდე ელოდება საცხოვრებელ ბინებს, შეუძლებელია, მაგრამ ტემპი გაზრდილია.

მისი თქმით, 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, კიდევ ექვს ათას ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ახალი საცხოვრებელი ფართები.

„მუდმივ კომუნიკაციაში ვართ დევნილებთან, მინისტრიც რამდენიმეჯერ შეხვდა ამ ადამიანებს. მოვისმინეთ მათი წინადადებები, რომ შეიცვალოს შეფასების სისტემა ან გაუქმდეს. ბუნებრივია, გაუქმება შეუძლებელია. დევნილის მიერ ბინის მიღება რაღაც სისტემით უნდა მოხდეს. რაც შეეხება მათ წინადადებას, რომ უპირატესობა მიენიჭოთ დევნილებს, რომლებმაც თავდაპირველად განიცადეს დევნილობა, ეს და სხვა საკითხები, რომელიც ქულათა სისტემას და შეფასებას შეეხება, განიხილება”, – განაცხადა აბლოთიამ.

მისივე თქმით, სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკითხს განიხილავს.

აბლოთიას განცხადებით, შეფასების სისტემა, რომლითაც ხდება დევნილებისთვის ბინების გადაცემა, სამართლიანია.

„დღეისათვის 90 ათასზე მეტი დევნილი გვყავს და სამწუხაროდ, მხოლოდ 41 500-მდე არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი განსახლებით. 27 ათასი ოჯახია, ვისაც მომართული აქვს და ჯერ არ არის დაკმაყოფილებული. ეს ძალიან დიდი ციფრია და მათი დაკმაყოფილება ერთიანად შეუძლებელია, მაგრამ სამინისტროს დაფინანსება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და 2018 წელს თითქმის გაორმაგდა წინა წლებთან შედარებით. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვნად გაზრდილია და ჯამში ექვსი ათას ოჯახს მიეცემა ახალი საცხოვრებელი ფართი,” – განაცხადა მურად აბლოთიამ.

დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეიკრიბნენ აფხაზეთიდან დევნილები. მათი განცხადებით, უკვე 26 წელია, უშედეგოდ ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს.