პარლამენტთან აფხაზეთიდან დევნილები აქციას მართავენ
პარლამენტთან აფხაზეთიდან დევნილები აქციას მართავენ

პარლამენტის შენობის წინ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ფართის მიღებას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფიქრია ცალანმა განაცხადა, 26 წელია, ბინებს ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ. დევნილებთან ერთად აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრები იმყოფებიან.

,,ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, რომელსაც ველოდებით 26 წელია. აქ მდგომთაგან ყველას ბევრჯერ აქვს ამ მოთხოვნით მიმართული, მაგრამ ერთი და იგივე პასუხი მიიღეს – ეტაპობრივი დაკმაყოფილება, რომელმაც არ მოაღწია ჩვენამდე. ვითხოვთ იმ ქულების გაუქმებას, რითიც ახლა დაიწყეს ბინების გაცემა, ვითხოვთ, დაკმაყოფილებას ბინებით. შეიქმნას კომისია, სადაც დევნილები და სხვადასხვა ორგანიზაცია იქნება ჩართული. ვითხოვთ, იყოს გამჭირვალე, რა როგორ ხდება. გამოიყოს მთავრობიდან მეტი თანხა. დღესდღეობით 38000 ოჯახია დასაკმაყოფილებელი საცხოვრებლით. არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ პროტესტს და ხვალ და ზეგ ვიქნებით მეტი და მეტი,”-განაცხადა ფიქრია ცალანმა.

აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას კანცელარიასთან გეგმავენ.