მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი სპორტიდან წავიდა
მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი სპორტიდან წავიდა

ეგვიპტელმა მეკარე ესამ ელ-ჰადარიმ, რომელიც ყველაზე ხნიერი ფეხბურთელია, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატში მიუღია მონაწილეობა, სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. წელს, რუსეთში გამართულ მუნდიალზე, ელ-ჰადარი 45 წლის ასაკში გამოვიდა მოედანზე, რითიც ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

თავისი კარიერის განმავლობაში, მას ოთხჯერ აქვს მოგებული აფრიკის ეროვნებათა თასი. დებიუტი ნაკრებში ელ-ჰადარის 1996 წელს ჰქონდა, საბოლოო ჯამში კი ეროვნულ გუნდში 159 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ითამაშა საუდის არაბეთის წინააღმდეგ და ერთი თერთმეტმეტრიანიც მოიგერია.

„22 წლის, ოთხი თვისა და 12 დღის შემდეგ, ვთვლი, რომ საუკეთესო მომენტია ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოსაკიდებლად“, – განაცხადა ელ-ჰადარიმ.

 

დატოვე კომენტარი