მთვარე ასიმეტრიულია — მიზეზი სავარაუდოდ, საბოლოოდ გაირკვა
მთვარე ასიმეტრიულია — მიზეზი სავარაუდოდ, საბოლოოდ გაირკვა

მთვარე დედამიწის უახლოესი კოსმოსური მეზობელი და ერთადერთი არამიწიერი სხეული, რომელზეც ადამიანს ფეხი დაუდგამს; თუმცა, მის შესახებ მაინც ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა, რატომ არის მისი ორი მხარე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული.

მკვლევრებს ახალი შესაძლო ახსნა აქვთ, რომელსაც მხარს უჭერს ექსპერიმენტული მტკიცებულება. ახალი კვლევის მიხედვით, მთვარის ასიმეტრია შეიძლება გამოწვეული იყოს რადიოაქტიური ელემენტების ასიმეტრიული გადანაწილებით.

მთვარე გრავიტაციულად ჩაკეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ერთი მხარე მუდამ დედამიწას უყურებს. როდესაც მას უყურებთ, ხედავთ, რომ დაფარულია მუქი ლაქებით; ეს გახლავთ ე. წ. მთვარის ზღვა — მთვარის წიაღში მიმდინარე უძველესი ვულკანური აქტივობის შედეგად ამოსული მუქი ბაზალტის ვრცელი ვაკეები.

სრულიად სხვანაირია მეორე, ე. წ. ბნელი მხარე, რომელიც დედამიწიდან არასოდეს ჩანს. იქ ქერქი უფრო სქელია და აქვს ახლო მხარისგან (ჩვენკენ მოქცეული ნაწილი) განსხვავებული შემადგენლობა. ზედაპირი გაცილებით მკრთალია, ძალიან ცოტაა ბაზალტის ლაქა და დაფარულია კრატერებით.

მკვლევართა ვარაუდით, ამის მიზეზი ის არის, რომ ბაზალტის ნაკადებმა ახლო მხარეს ბევრი კრატერი ამოავსო, მაგრამ რატომ იყო ვულკანური აქტივობა ახლო მხარეს უფრო დიდი, ვიდრე ბნელ მხარეს, დიდ საიდუმლოს წარმოადგენს, რომლის ამოხსნაზეც მთვარის მეცნიერები წლებია მუშაობენ.

გარდა ამისა, მთვარის ახლო მხარის შესახებ არის კიდევ ერთი რაღაც განსაკუთრებული — გეოქიმიურად უცნაური რეგიონი, რომელსაც Procellarum KREEP Terrane-ს უწოდებენ.

ეს ზონა განსაკუთრებით მდიდარია სპეციფიკური ელემენტებით, საიდანაც ეწოდა სახელიც — K (კალიუმის ატომური სიმბოლო), REE (rare-earth elements — დედამიწაზე იშვიათი ელემენტები) და P (ფოსფორის ატომური სიმბოლო). ასევე შეიცავს ურანსა და თორიუმს, რომელთა რადიოაქტიური დაშლისას სითბო გამოიყოფა.

ეს რეგიონი კავშირში ჩანს ბაზალტის ვაკეებთან და წარსულში უკვე დადგინდა, რომ მისი სითბოს წარმომქმნელ მახასიათებლებს რაღაც კავშირი აქვს მთვარის ახლო მხარის მნიშვნელოვან ვულკანიზმთან.

მთვარის წიაღის თერმული მოდელირება მიუთითებს, რომ მილიარდობით წლის განმავლობაში, ახლო მხარის სითბოს წყაროს წარმოადგენდა კალიუმის, თორიუმისა და ურანის რადიოაქტიური დაშლა.

გამომდინარე აქედან, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გადაწყვიტა გაერკვია, არის თუ არა მართლაც ასე და მთვრის KREEP-ის რეგიონის ქანების ექსპერიმენტული ანალიზი ჩაატარა.

ამისათვის, მათ შეურიეს KREEP-ის სინთეთიკური შემადგენლობა და მთვარის ქანების ანალოგი KREEP-ის 5, 10, 15, 25 და 50-პროცენტიანი კონცენტრაციებით. ამის შემდეგ, ის ოთხიდან და რვა დღემდე გააჩერეს 1175-1300 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

ეფექტი დრამატული აღმოჩნდა. ნაზავში სინთეთიკური KREEP-ის არსებობამ ანალოგის დნობის წერტილი შეამცირა და წარმოქმნა 2-13-ჯერ მეტი ნადნობი, ვიდრე საკონტროლო ექსპერიმენტში KREEP-ის გარეშე. გარდა ამისა, ეს ყველაფერი იყო რადიოაქტიური სითბოს წვლილის გარეშე.

იმის სანახავად, რა მოხდებოდა, როდესაც ამ ნაზავს რადიოაქტიურ სითბოსაც დაამატებდნენ, ჯგუფმა ჩაატარა კომპიუტერული მოდელირება. აღმოჩნდა, რომ რადიოაქტიურ სითბო KREEP-ის ეფექტს აუარესებს. ერთობლივად, ამ ორს შეიძლება წვლილი შეჰქონდეს მთვარის ახლო მხარის ვულკანურ აქტივობაში, რის შედეგადაც წარმოიქმნა ის ბნელი რეგიონები, რომლებსაც დღეს ვხედავთ.

საიდან მოვიდა KREEP-ი? ზუსტი მექანიზმი ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ის მთვარის წარმოქმნის გზის შედეგია. მეცნიერთა აზრით, ეს 4,5 მილიარდი წლის წინ მოხდა, როდესაც მარსის ზომის სხეული, სახელად თეია, დედამიწას დაეჯახა და ნარჩენები კოსმოსში გაიტყორცნა. ამის შემდეგ, ეს ნარჩენები არაერთგვაროვნად შეერთდა და წარმოიქმნა მთვარე.

Procellarum KREEP Terrane-ის რეგიონის წარმოქმნისა და წიაღის პროცესებზე მისი გავლენის უკეთ შესწავლა მთვარის წარმოშობის ზუსტი დეტალების გარკვევაში დაგვეხმარება.

„შედარებით ნაკლები ეროზიული პროცესების შედეგად, მთვარის ზედაპირი მზის სისტემის ადრეული ისტორიის გეოლოგიურ მოვლენებს დღემდე ინახავს.მთვარის ახლო მხარის რეგიონებში არის რადიოაქტიურ ელემენტთა კონცენტრაციები, მათ შორის ურანისა და თორიუმის, რაც მთვარის სხვა ნაწილებში არ გვხვდება. ამ ურანისა და თორიუმის წარმომავლობის გარკვევა დაგვეხმარება ავხსნათ მთვარის წარმოქმნის ადრეული ეტაპები და შესაბამისად, მეტი გავიგოთ ადრეული დედამიწის გარემოს შესახებაც“, — ამბობს იაპონიის დედამიწის სიცოცხლის ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერი მეთიუ ლანევილი.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია elsi.jp-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი