მთავრობის სხდომაზე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
მთავრობის სხდომაზე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

მთავრობის სხდომაზე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, მთელ ქვეყანას, საზოგადოებას გამოვუცხადო სამძიმარი. ნამდვილად საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, მინისტრებს გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას.

კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც დატრიალდა შოვში, მთელი საქართველო შეძრა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მე მინდა, ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს. ძალიან მძიმე განსაცდელია მთელი ქვეყნისთვის. მთავრობა პირველივე წუთებიდან ჩართული იყო. მოგეხსენებათ, ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში. 210 ჩვენი თანამოქალაქე უვნებელი გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ ამ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშველებს. ჩვენი მხრიდან გაკეთებული იყო სრული მობილიზება. ადგილზე იყვნენ ექიმები. ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა. ირაკლი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და ყველა ვიყავით ადგილზე მობილიზებული. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ეს მძიმე განსაცდელია ყველა ჩვენგანისთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.