2018 წლის საჩოგბურთო სეზონში პირველი ტრიუმფატორი გახდა რუმინელი სიმონა ჰალეპი. მან ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმარჯვა და კარიერაში მე-16 ტიტული მოიპოვა.
ფინალში ჰალეპი ჩეხ კატერჟინა სინიაკოვას ხვდებოდა, რომელმაც ნახევარფინალში რუსი მარია შარაპოვა დაამარცხა.
ჰალეპი დომინირებდა პირველ სეტში და ის ორი ბრეიკის წყალობით მოიგო. მეორე სეტში რუმინელს ჩავარდნა ჰქონდა – ზედიზედ სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და მასთან ერთად სეტი, თუმცა, მესამე პარტიაში ყველაფერი თავის ადგილას დადგა და სიმონამ საათსა და 14 წუთში სამ სეტში გაიმარჯვა – 6:1, 2:6, 6:0.
ახლა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ერთი კვირა დაისვენებს და 15 იანვრიდან ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმება.