მსოფლიო რბენას საქართველოც უბრუნდება

მსოფლიო რბენა, სახელწოდებით Wings for Life World Run 2021 წლის 9 მაისს მერვედ გაიმართება. შეგახსენებთ, 2020 წელს პანდემიის გამო, მთელ მსოფლიოში გაუქმდა რბენა ფინიშის მანქანის თანხლებით, მათ შორის, საქართველოშიც. შეზღუდვების გამო, კი საქართველო ვერ შეუერთდა რბენას აპლიკაციით.

ამჯერად კი აპლიკაციით რბენა ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელი იქნება.

„გვიხარია, რომ 2021 წელს მსოფლიო რბენა გვექნება. სარბენ აპლიკაციას 5 წლის განმავლობაში ვაუმჯობესებდით და ამიტომ, აპლიკაციით სირბილი ჩვენთვის ძალიან კომფორტული იქნება“, – განაცხადა Wings for Life World Run-ის სპორტულმა დირექტორმა და ოლიმპიურმა მედალოსანმა კოლინ ჯექსონმა.

აპლიკაცია, გარდა იმისა, რომ მორბენალსა და ვირტუალურ ფინიშის მანქანას შორის მანძილს გაზომავს, ხმოვანი შეტყობინებებითაც გამხნევებს მორბენლებს. სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა აპლიკაციით სირბილთან ერთად, 12 ქვეყანაში გაიმართოს რბენა ფინიშის მანქანის თანხლებით. ინფორმაცია დადასტურდება 2021 წლის თებერვალში.

მსოფლიო რბენის ყველა მონაწილე სტარტს ერთსა და იმავე დროს, საქართველოს დროით 15:00 საათზე აიღებს. სტარტიდან 30 წუთის შემდეგ, ფინიშის მანქანა იწყებს მოძრაობას მორბენლებისკენ. სიჩქარის მატებასთან ერთად, შეჯიბრებას უფრო მეტი ადამიანი ეთიშება და უკანასკნელი მონაწილე ქალი და კაცი მსოფლიო რბენის გამარჯვებულებად ცხადდებიან. 2020 წელს გლობალურმა გამარჯვებულმა 69,92 კმ ირბინა, რასაც 4 საათი და 12 წუთი მოანდომა.

2014 წლიდან Wings for Life World Run-ის მონაწილეები ერთი მიზნით, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად ერთიანდებოდნენ: მონაწილეები ფონდს მხარდაჭერას რეგისტრაციის საფასურით უცხადებდნენ. რეგისტრაციის თანხა სრულად ხმარდება კვლევას ზურგის ტვინის დაზიანების განსაკურნებლად.

რეგისტრაცია 2021 წლის 9 მაისის რბენაზე: www.wingsforlifeworldrun.com