მსოფლიო რბენა 2019-ზე რეგისტრაცია დაიწყო [ფოტო]
მსოფლიო რბენა 2019-ზე რეგისტრაცია დაიწყო [ფოტო]

30 იანვარს, 15:00 საათზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (დ.უზნაძის #52) ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც ორგანიზატორები წელს გასამართი მსოფლიო რბენის დეტალებსა და სიახლეებზე ისაუბრეს.

მსოფლიო რბენა 5 მაისს, 15:00 საათზე კახეთში, კვლავ ლოპოტას გადასახვევთან გაიმართება.
მეექვსე წელია, რაც საქართველო მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას უერთდება. უკვე მესამე წელია, საქართველოში მსოფლიო რბენა სახელმწიფოს სრული მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება.

პრესკონფერენციაზე დასასწრებად თბილისს ეწვია კოლინ ჯექსონი – Wings for Life World Run-ის სპორტული დირექტორი, (სპრინტის მორბენალი, 110 მეტრზე თარჯმორბენალი, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული).

მონაწილეების რეგისტრაცია 2019 წლის 30 იანვარს დაიწყო. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

Wings for Life World Run 2019 წლის ორგანიზატორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფედერაცია სპორტის ყველასათვის, კომპანია რედ ბულის საორგანიზაციო ჯგუფი.

წყარო – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი