მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში რეკორდი დამყარდა - პირველი დღის შედეგები
იაპონიის ქალაქ საიტამაში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში. შეჯიბრის პირველ დღეს მოკლე პროგრამები სპორტულმა წყვილებმა და ქალებმა წარმოადგინეს.
სპორტულ წყვილებში პირველი ადგილი რუსებმა ევგენია ტარასოვამ და ვლადიმერ მოროზოვმა მოიპოვეს. მათ 81.21 ქულა დააგროვეს, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. მეორე ადგილზე 79.24 ქულით ჩინელები ვეიჯინგ სუ და კონგ ჰანი გავიდნენ. მესამე პოზიცია 75.51 ქულით ასევე ჩინელებმა ჩენგ პენგმა და იანგ ჯინმა დაიკავეს.
ქალთა შორის მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი რუს მოციგურავეს ალინა ზაგიტოვას ჰქონდა. მან 82.08 ქულა დააგროვა. 76.89 ქულით მეორე იაპონელი კაორი საკამოტო იყო. ყაზახი ელიზაბეტ ტურსინბაევა კი 75.96 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე წყვილები თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ, კაცები კი მაყურებლის წინაშე მოკლე პროგრამით წარსდგებიან. მორის ყვითელაშვილი მეოთხე ჯგუფში მეცხრამეტე ნომრად გამოვა.