მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიიდან - დასჯილი მეფე დიეგო [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიიდან - დასჯილი მეფე დიეგო [ვიდეო] #1TVSPORT

20 ნოემბერს ყატარში დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ყველა მატჩის რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მუნდიალის დაწყებამდე გავიხსენოთ ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანეს.

დიეგო არმანდო მარადონა ერთ-ერთი უდიდესია მათ შორის, ვინც მსოფლიო ფეხბურთში თავისი კვალი დატოვა.

დიეგო არმანდო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს, ბუენოს-აირესის პროვინციის ქალაქ ლანუსში დაიბადა. გაიზარდა სიღარიბეში. ოჯახში მეოთხე შვილი და პირველი ვაჟიშვილი იყო. ჰყავდა ორი უმცროსი ძმა, უგო და რაული, რომლებიც მასსავით პროფესიონალი ფეხბურთელები იყვნენ. დიეგოს იტალიური, ესპანური, ხორვატიული და არგენტინული ფესვები აქვს. მისი გვარი წარმოშობით იტალიის რეგიონ კალაბრიიდანაა.

არგენტინის ნაკრებში 1977–1994 წლებში 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. მისი სანაკრებო დებიუტი 1977 წლის 27 თებერვალს, 16 წლის ასაკში, უნგრეთის წინააღმდეგ შედგა. 1979 წლის 2 ივნისს, დიეგომ „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიასთან (3:1), პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა.

 

დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე

დიეგო მარადონას შეეძლო მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატზე ეთამაშა, მაგრამ მწვრთნელმა ლუის მენოტიმ განაცხადში არ შეიყვანა. პირველად 1982 წელს ესპანეთში ჩატარებულ მუნდიალზე გამოჩნდა. მაგრამ ეს არ იყო მისი ჩემპიონატი – ბელგიასთან სამხრეთამერიკელებმა 0:1 წააგეს, უნგრეთთან და სალვადორთან მოიგეს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. მაგრამ არგენტინა იტალიასთან და ბრაზილიასთან ორი მარცხის გამო ტურნირს დაემშვიდობა.

მარადონამ ხუთივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 2 გოლი გაუტანა უნგრეთს. მეტოქე ნაკრებების ფეხბურთელები ხშირად უხეშობდნენ მის წინააღმდეგ. განსაკუთრებით იტალიის ნაკრების მცველი კლაუდიო ჯენტილე… ბრაზილიასთან მატჩში უხეშობისათვის კი თავად გააძევეს.

 

საუკუნის გოლი და მარადონას ხელი

1986 წელს, მექსიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინელი ვარსკვლავის სახელი წითელ ხაზად გაჰყვება, რადგან მისი თამაში იდეალური იყო და გულშემატკივრებს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

გუნდის კაპიტანმა ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ კორეასთან მოგებაში (3:1) სამივე საგოლე გადაცემა დიეგომ გააკეთა. პირველი გოლი მეორე ტურში, იტალიის წინააღმდეგ (1:1) გაიტანა. ბოლო ტურში არგენტინამ ბულგარეთთან 2:0 გაიმარჯვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.

მერვედფინალში არგენტინამ ურუგვაი 1:0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ეტაპზე ინგლისს დაუპირისპირდა – ეს მარადონას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატჩია. მომხდარის გასააზრებლად ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთოების მოკლე ისტორიის გახსენება მოგვიწევს. დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის ფოლკლენდის კუნძულების გამო სამხედრო კონფლიქტი 1982 წლის მარტიდან ივნისამდე მიმდინარეობდა და საბოლოოდ, გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გამოვიდა.

„ეს იყო ომი და არა მატჩი. ჩვენ საფეხბურთო ომი მოვიგეთ. ყველას გვახსენდებოდა ისინი, ვინც სასაკლაოზე გაუშვეს – პულტს ხელი დააჭირეს და ყველა მათგანი მოკლეს“, – ამ მატჩს წლების შემდეგ ასე იხსენებდა არგენტინელი ვარსკვლავი ემირ კუსტურიცას ფილმში „მარადონა“.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში დიეგომ გახსნა. 51-ე წუთზე მან ხელით გაიტანა. ინგლისელთა პროტესტის მიუხედავად, ტუნისელმა მთავარმა მსაჯმა ალი ბინ ნასერმა გოლი ჩათვალა. მარადონამ მხოლოდ 2005 წელს აღიარა, რომ ბურთს ხელი განზრახ მოარტყა. ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში „ღმერთის ხელის“ სახელით შევიდა.

4 წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს მეორე ისეთი გაუტანა, რომელიც დღემდე ყველას აღაფრთოვანებს (იხილეთ ვიდეო). 2002 წელს, ფიფა-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით ეს გოლი „საუკუნის გოლად“ აღიარეს.

„გოლი კი არაა, პოემაა“ – ასეთი შეფასებაც იყო. ნახევარფინალში არგენტინამ ბელგია 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი მარადონამ გაიტანა. ერთ-ერთი ინგლისთან მეორე გოლს ჰგავდა.

ფინალში „აცტეკაზე“ არგენტინა დასავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ ლამის მთელი თამაში ჩაკეტა, დიეგომ შეძლო და 2:2-ზე გადამწყვეტი საგოლე გადაცემა გაუკეთა ხორხე ბურუჩაგას, არგენტინამ 3:2 მოიგო და მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. არც მანამდე და არც შემდეგ არც ერთ მოთამაშეს გუნდის წარმატებაში ასეთი წვლილი არ შეუტანია.

 

სკანდალური ფინალი

მარადონა იტალიის 1990 წლის მუნდიალზეც გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ კოჭის ტრავმის გამო გაუჭირდა ისეთ დონეზე გამოსვლა, როგორც 4 წლით ადრე.

არგენტინამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ პლეი-ოფში მაინც გავიდა. მერვედფინალში ბრაზილიასთან მოგებით (1:0, დიეგოს პასით კლაუდიო კანიჯამ გაიტანა) გუნდი მეოთხედფინალში გავიდა. იქ არგენტინამ იუგოსლავია პენალტების სერიაში დაამარცხა. მარადონამ თერთმეტმეტრიანის რეალიზება ვერ შეძლო. ნახევარფინალში არგენტინამ მასპინძელ იტალიასთან მატჩი პენალტების სერიით მოიგო, მარადონამ ამჯერად თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

წინა ჩემპიონატის მსგავსად, ფინალში არგენტინა კვლავ დასავლეთ გერმანიის ნაკრებს შეხვდა. მატჩი დიეგოს გუნდმა 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი საკამათო თერთმეტმეტრიანით ანდრეას ბრემემ გაიტანა.

 

ყველაზე სკანდალური ჩემპიონატი

ამერიკაში გამართული 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის ისტორიაში ყველაზე სკანდალური გამოდგა. მარადონამ მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა: საბერძნეთთან პირველ ტურში გოლიც გაიტანა. ნიგერიასთან მატჩის შემდეგ, დიეგოს დოპინგის (ეფედრინის) მიღებაში ამხილეს და მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს. ლიდერის გარეშე დარჩენილი არგენტინა ჯგუფიდან გავიდა, თუმცა პლეი-ოფის პირველივე მატჩი რუმინეთთან წააგო (2:3) და ტურნირს დაემშვიდობა.

ამის შემდეგ ალაპარაკდნენ მარადონა და არგენტინელები მსოფლიო ფეხბურთში არსებულ მაფიაზე, წილისყრის დროს ცივი და თბილი ბურთულების გამოყენებაზე, რომ ფიფა-ს პრეზიდენტი, ბრაზილიელი ჟოაო აველანჟი არგენტინელებს ჩაგრავდა და ა.შ. ემირ კუსტურიცას ფილმში მარადონა (რომელმაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულება აღიარა) ამტკიცებდა, რომ არანაირი ეფედრინი არ მიუღია.

 

გარდაცვალება

2020 წლის 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო ჩაუტარდა რთული ოპერაცია. გამოკეთების შემდეგ საკუთარ სახლში ექიმის დაკვირვების ქვეშ განაგრძო მკურნალობა. მაგრამ 25 ნოემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა.