
მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში სავარაუდოა ეკონომიკური ზრდის შენელება. განახლებული პროგნოზით, 2025-26 წლებში მოსალოდნელია 2.5-პროცენტიანი ზრდა სუსტი საგარეო მოთხოვნისა და რუსეთში ეკონომიკური ზრდის შენელების გამო.
2024 წელს ეკონომიკური ზრდა რეგიონის მასშტაბით 3.6-პროცენტიან მაჩვენებელზე დასტაბილურდა, რაც კერძო სამომხმარებლო ხარჯებმა, რეალური ხელფასების მნიშვნელოვანმა მატებამ, ფულადი გზავნილების მაღალმა მაჩვენებლმა და გაზრდილმა სამომხმარებლო სესხებმა განაპირობა. ყოველივე აღნიშნულმა დააკომპენსირა სუსტი საგარეო მოთხოვნა, რომელიც გამოწვეული იყო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდით.
სურსათზე და სერვისებზე ფასების მნიშვნელოვან მატებას მაღალი ინფლაცია მოჰყვა, რომელიც 2024 წლის შუა პერიოდში არსებული 3.6 პროცენტიდან 2025 წლის თებერვალში ხუთ პროცენტამდე გაიზარდა. ინფლაციის ბოლოდროინდელმა მატებამ რამდენიმე ცენტრალური ბანკი აიძულა, გაეზარდა საპროცენტო განაკვეთები ან გადაედო პოლიტიკის შემდგომი შემსუბუქება.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებმა გასული წლის განმავლობაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება შეძლეს, გლობალური გაურკვევლობა, გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია და ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის სუსტი ექსპანსია აღნიშნული ეკონომიკური ზრდის შემდგომ შენარჩუნებას ართულებს“, – აღნიშნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანტონელა ბასანიმ.
მისივე თქმით, „გრძელვადიან პერიოდში გაცილებით უფრო მტკიცე ეკონომიკური ექსპანსიის მისაღწევად რეგიონის ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტრუქტურული რეფორმების დაჩქარება, რომლებიც ხელს შეუწყობს დინამიკურ და ინოვაციურ კერძო სექტორს, მეწარმეობასა და ტექნოლოგიების დანერგვას“.
მსოფლიო ბანკის მიმოხილვის თანახმად, ცენტრალური აზია მიმდინარე და მომავალ წელს, სავარაუდოდ, კვლავაც უსწრაფესად მზარდ რეგიონად დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025-26 წლებისთვის 4.7 პროცენტამდეა შემცირებული. ეს კლება განპირობებულია ყაზახეთის ნავთობის სექტორის შედარებით სუსტი ექსპანსიით, ისევე როგორც ექსპორტის დაღმავალი მაჩვენებლით და ფულადი გზავნილების შემომავალი ნაკადების ნორმალიზაციით.
მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2025-26 წლებში საშუალოდ 3.5 პროცენტი იქნება, რადგან სავაჭრო შუამავლობის, შრომითი რესურსებისა და კაპიტალის შემოდინების თანმდევი ეფექტები შემცირებას განაგრძობს.
„მოსალოდნელია, რომ სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, გაზრდილი სავაჭრო ბარიერები და ევროზონის მიწოდების ჯაჭვების არაპირდაპირი ზემოქმედება შეასუსტებს ეკონომიკური ზრდის აღდგენას რეგიონის ნებისმიერ წერტილში. ეკონომიკური ზრდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში 2025-26 წლებში, სავარაუდოდ, ზომიერი იქნება, 3.4 პროცენტის დონეზე, ხოლო ცენტრალურ ევროპაში აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდ, 2.7 პროცენტამდე გაუმჯობესდება.
რუსეთში 2025-26 წლებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ვარდნა 1.3 პროცენტამდე. თურქეთში იმავე პერიოდში ზრდის მაჩვენებელი, პროგნოზის მიხედვით, უმნიშვნელოდ გაუმჯობესდება 3.3 პროცენტამდე, თუმცა ის გრძელვადიანი ტენდენციის ქვევით შენარჩუნდება, გარე მოთხოვნის სისუსტისა და ეკონომიკური რებალანსირების გაგრძელების ფონზე. ეკონომიკური ზრდა უკრაინაში 2025 წელს, სავარაუდოდ, ორ პროცენტამდე დაიკლებს.
სპეციალურ ანალიზში, რომელიც გამოწვევებით აღსავსე გლობალურ გარემოში ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საკითხს ეძღვნება, ანგარიში ხაზს უსვამს დინამიკური კერძო სექტორის მნიშვნელობას. ქვეყნებმა უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განათავსონ ინოვაციებში, განახორციელონ რეფორმები ახლად შექმნილი კომპანიების მხარდასაჭერად, გააღრმავონ ფინანსური ბაზრები და გაზარდონ ინვესტიციები კვლევის და განვითარების (R&D) მიმართულებით, გლობალურ ტექნოლოგიებზე, ცოდნასა და კაპიტალზე ფოკუსირების პარალელურად“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.
როგორც მსოფლიო ბანკში აცხადებენ, იმისათვის, რომ რეგიონის საშუალოშემოსავლიანმა ქვეყნებმა მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი მიიღონ, მათი ეკონომიკა გაცილებით დინამიკური უნდა გახდეს. სახელმწიფოებმა, რომლებმაც წარმატებით მოიპოვეს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი, აღნიშნულს სამეწარმეო დინამიზმისა და ინოვაციის მეშვეობით მიაღწიეს და ასეთი ზრდა უნდა შეინარჩუნონ ტექნოლოგიების, ექსპერტთა ცოდნისა და კაპიტალის გამოყენებით ფირმების შიგნით პროდუქტიულობის ასამაღლებლად.
„ბიზნესში ინოვაცია და ექსპერიმენტირება აუცილებელია პროდუქტიულობის ასამაღლებლად. ისინი მნიშვნელოვანი წინაპირობებია მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. რეგიონის საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების სტატუსის მოპოვება ფირმების ზრდის, ინოვაციისა და კონკურენციის შემთხვევაში შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის გასაახლებლად საკუთარი მიდგომა სჭირდება, ინოვაციის სტიმულირება და ბიზნესის დინამიზმის ხელშეწყობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ივაილო იზვორსკიმ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინვესტირება ახალგაზრდა ინოვაციურ კომპანიებში გაცილებით უფრო შედეგიანია, ვიდრე მთლიანად მცირე და საშუალო საწარმოების სექტორში, რამდენადაც აღნიშნული კომპანიები სამუშაო ადგილებს ქმნიან. ეს მიდგომა მოითხოვს მხარდაჭერას გრძელვადიან დაფინანსებაზე და სარისკო კაპიტალზე წვდომის გაუმჯობესებით. რეგიონს არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები, რამდენადაც ვენჩურული კაპიტალი და აქციონერული დაფინანსება არასაკმარისადაა განვითარებული.
მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ კონკურენციის გაძლიერება აუცილებელია ასეთი დინამიკური ფირმების წარმოქმნის ხელშესაწყობად. რეგიონში წარმოდგენილია ძალზე ბევრი მცირე, დაბალპროდუქტიული საწარმო და სულ რამდენიმე მსხვილი კომპანია, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებს, ხშირად დომინირებენ ბაზრებზე და აფერხებენ სამეწარმეო დინამიზმს.
„ასევე, საჭიროა ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც წაახალისებს ბიზნესინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. ასეთია, მაგალითად, გაცილებით ფართო და უკეთესად დაგეგმილი მიზნობრივი კვლევისა და განვითარების წახალისება, რომელიც ფირმებს დაეხმარება პროდუქტიულობისა და ინოვაციურობის ამაღლებაში. რეგიონის ბევრი საწარმო ამჟამად დამოკიდებულია რესურსების გადანაწილებაზე და, თავისი საკუთარი ტექნოლოგიების შემუშავების ნაცვლად, ფუნქციონირებს როგორც უცხოური კომპანიების საწარმოო ობიექტი.
დაბოლოს, ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში აუცილებელია მაღალუნარიანი შრომითი რესურსების და მეწარმეების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, ისევე როგორც ტრენინგის მეშვეობით უნარების განახლების შესაძლებლობების შესაქმნელად“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.