მსჯავრდებულის დაზიანების საქმეზე პროკურატურა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს კითხავს
მსჯავრდებულის დაზიანების საქმეზე პროკურატურა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს კითხავს

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი მსჯავრდებულის დაზიანების ფაქტს იკვლევს. მთავარი პროკურატურის ცნობით, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გამოკითხვის პროცესი.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გამოსაძიებლად გადაეცა მსჯავრდებულ ნ.ჩ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გამოკითხვის პროცესი. მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. უწყების ცნობით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულის ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს და ფაქტის გამოძიებას ითხოვს.