მსახიობმა ბრედ პიტმა პირველი „ოსკარი“ მიიღო [ვიდეო]
მსახიობმა ბრედ პიტმა პირველი „ოსკარი“ მიიღო [ვიდეო]

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ბრედ პიტმა „ოსკარი“ მიიღო. 56 წლის პიტისთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს პირველი „ოსკარია“. მას „ოსკარი“ ერგო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“/Once Upon a Time in Hollywood.

თავის გამოსვლაში მან მადლობა გადაუხადა რეჟისორს, კვენტინ ტარანტინოს და პარტნიორს ფილმში, ლეონრადო დიკაპრიოს.

დაჯილდოების ცერემონია „დოლბის“ თეატრში ცოტა ხნის წინ დაიწყო. საზეიმო ცერემონიას შარშანდელის მსგავსად წელსაც არ ჰყავს წამყვანი. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები აცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენება მიმდინარეობს. უკვე შესრულდა „გაყინულის“ საუნდტრეკი. ასევე დაგეგმილია „გრემის“ წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორის, 18 წლის ამერიკელი მომღერალის, ბილი აილიშის განსაკუთრებული პერფორმანსი.

მანამდე „ოსკარის“ 92-ე დაჯილდოების ცერემონიის წითელმა ხალიჩამ ტრადიციულად გრანდიოზულად და პომპეზურად ჩაიარა. კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ვარსკვლავების რაოდენობით გამოირჩეოდა. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს ნომინანტების გარდა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა მსახიობების ჩაცმულობაც. „ოსკარზე“ მიწვეულ სტუმრებს ასობით რეპორტიორი და მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს. კაბები და კოსტიუმები, რომლებიც ვარსკვლავებმა წლევანდელი „ოსკარისთვის“ შეარჩიეს, განხილვის საგანი კიდევ დიდხანს იქნება.