„ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები გამოჩნდნენ
„ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები გამოჩნდნენ

ლოს ანჯელესში, „ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები გამოჩნდნენ. „დოლბის“ თეატრში „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე მსოფლიო მედიის ყურადღება სწორედ წითელი ხალიჩისკენ არის მიმართული.

„ოსკარზე“ მიწვეულ სტუმრებს ასობით რეპორტიორი და მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს. კაბები და კოსტიუმები, რომლებიც ვარსკვლავებმა წლევანდელი „ოსკარისთვის“ შეარჩიეს, განხილვის საგანი კიდევ დიდხანს იქნება.

წითელ ხალიჩაზე უკვე გამოჩნდნენ „დიდი პატარა ტყუილების“ ვარსკვლავი ლორა დერნი, ლეგენდარული რეჟისორი პედრო ალმოდოვარი, მსახიობი ანტონიო ბანდერასი, პენელოპა კრუსი, სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავები – ჯეისონ მომოა, ემილია კლარკი, ნოა ბაუმბახი, გრეტა გერუიგი.

წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ ადამ დრაივერი, ლეონრადო დიკაპრიო და ნატალი პორტმანი, რომელსაც კაბაზე ამოქარგული აქვს ყველა იმ ქალი რეჟისორის გვარი, რომლებიც „ოსკარის“ ნომინაციებში ვერ მოხვდნენ. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ასევე შარლიზ ტერონი, რომელსაც შავი კაბა აცვია.

წითელი ხალიჩის დასკვნით ეტაპზე კი გამოჩნდნენ მსოფლიო კინოს ლეგენდები – ალ პაჩინო, რობერტ დენირო. ასევე „ოსკარის“ ფავორიტები – რენე ზელვეგერი და ხოაკინ ფენიქსი. წითელ ხალიჩაზე გაიარეს ბრედ პიტმა და კიანუ რივზმა.

„ოსკარის“ საზეიმო ცერემონია 92-ედ იმართება. საზეიმო ცერემონიას შარშანდელის მსგავსად წელსაც არ ეყოლება წამყვანი. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები გამოაცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენებაა დაგეგმილი.

უკვე ცნობილია, რომ გრემის წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი, 18 წლის ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში განსაკუთრებული პერფორმანსით წარდგება მაყურებლის წინაშე. „ოსკარების“ დაჯილდოების 92-ე ცერემონიაზე ლეგენდარულ სპორტსმენს, კობი ბრაიანტს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. კობი ბრაიანტს მოიხსენიებენ ტრადიციულ მემორიალურ ვიდეოში, რომელსაც ყოველწლიურ დაჯილდოებაზე კინოსამყაროში ყველა მნიშვნელოვანი დაღუპული პიროვნების გასახსენებლად აჩვენებენ. კობი ბრაიანტი არაერთ სპორტულ ჯილდოსთან ერთად „ოსკარის“ მფლობელიც იყო – 2018 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის ნომინაციაში გაიმარჯვა Dear Basketball-მა, რომლის შექმნაშიც სწორედ კობი ბრაიანტი იღებდა მონაწილეობას.