მსაჯმა საფრანგეთს საქართველოსთან მოგება აჩუქა (ვიდეო)

ავსტრიელი მთავარი არბიტრი კრისტოფ იაგერი იყო მთავარი „გმირი“ ნანსში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც ევროპის ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა, საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოს მხოლოდ დამატებულ დროში, ნაჩუქარი პენალტით აჯობა,

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრა საფრანგეთის უპირატესობით დაიწყო და მასპინძლები „ლიონის“ ფეხბურთელის, ჯეფ რეი-ადელაიდის (მე-14 და 54-ე წუთები) დუბლით მეორე ტაიმსი დასაწყისში 2:0 დაწინაურდნენ.

საქართველომ წონასწორობა მალე აღადგინა: 58-ე წუთზე, გიორგი კოხრეიძემ გადაცემა ჩაჭრა, მეკარეს გაცდა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა 2:1. ორ წუთში კი მოედანზე ახალშესულმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძლებს მეორედ ბურთი გაუტანა – 2:2.

ფრანგები ვერაფერს ახერხებდნენ, საქართველომ კი კიდევ სამი მწავვე მომენტი შექმნა. მასპინძლებს მთავარი არბიტრი დაეხმარა, რომელმაც 90-ე წუთზე საქართველოს კარში მოგონილი პენალტი დანიშნა, ოდსონ ედუარმა კი ეს შანსი გოლად აქცია 3:2.

აღსანიშნავია, რომ 90+5 წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი ფრანგმა მცველმა ხელით მოიგერია, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა და საქართველოს წაგებაში დიდი როლი ითამაშა 3:2.

ფრანგებმა შესარჩევ “ბ” ჯგუფში გამოსვლა ყველაზე გვიან დაიწყეს და ჯერ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარეს. სილვენ რიპოლის გუნდმა ოთხიდან ორ მატჩში გაიმარჯვა.

საფრანგეთი U21 – საქართველო U21

გოლები: 1:0 რეი-ადელაიდი (14), 2:0 რეი-ადელაიდი (53), 2:1 კოხრეიძე (58), 2:2 კვარაცხელია (60. ქავთარაძის პასით), 3:2 ედუარი (90+2. პენალტი)

საქართველო U21: გუგეშაშვილი – მალი, ბერიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური – კუცია, ნინუა (59. ქოჩოქრაშვილი) – კოხრეიძე (73. არდაზიშვილი), ტაბატაძე (88. სილაგაძე), ბუღრიძე (59. ქავთარაძე) – სპანდერაშვილი (59. კვარაცხელია)

სათადარიგოები: ბულისკერია, უგრეხელიძე, ფაცაცია, ნებიერიძე

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე

მთავარი არბიტრი: კრისტოფ იაგერი (ავსტრია)