სოფელ ხელთუბანში მოწამლული სამი ბავშვი რეანიმაციაში რჩება
სოფელ ხელთუბანში მოწამლული სამი ბავშვი რეანიმაციაში რჩება

ხელთუბნის საჯარო სკოლიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოთხი 8 წლის მოსწავლე გორის „დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“ გადაიყვანა. ისინი რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

ექიმების ინფორმაციით, ცოტა ხანში საავადმყოფოში ინტოკსიკაციითა და ძლიერი მუცლის ტკივილით კიდევ ორი – 11 და 12 წლის ბავშვი შეიყვანეს.

მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები სკოლაში ონკანიდან წყლის დალევის შემდეგ გახდნენ შეუძლოთ.

საავადმყოფოს ექიმის ლია ლაზარაძის განცხადებით, ბავშვებს საშუალო სიმძიმის სიმპტომები აქვთ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დღის ბოლომდე დარჩებიან.

„თავდაპირველად ოთხი ბავშვი შემოიყვანეს მუცლის ძლიერი ტკივილით. აღნიშნულ მოვლენას ბავშვები ონკანის წყალს უკავშირებენ. ჩატარდა კლინიკური მონიტორინგი. სამი მათგანი უკვე გაშვებულია ბინაზე. შემთხვევიდან სამი საათის შემდეგ, მშობლებმა ანალოგიური ჩივილებით სამი ბავშვი შემოიყვანეს. მათ ჩაუტარდათ პარაკლინიკური გამოკვლევები. რამ გამოიწვია მოწამვლა, ამის თქმა არ შემიძლია. ბავშვების გადმოცემით, წყალი იყო ქაფიანი და თეთრი ფერის. მოწამვლა საშუალო სიმძიმისაა“, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში ლია ლაზარიძე.

ცოტა ხნის წინ, სოფელ ხელთუბნიდან ექვსი ბავშვი ინტოკსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.