მოუთმენლად ველით მომავალ მატჩს და იმედი გვაქვს, სტადიონი გაივსება - „ბორჯღალოსნებმა“ „მარიფილდზე“ ივარჯიშეს #1TVSPORT
მოუთმენლად ველით მომავალ მატჩს და იმედი გვაქვს, სტადიონი გაივსება - „ბორჯღალოსნებმა“ „მარიფილდზე“ ივარჯიშეს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 26 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო ტესტმატჩს გამართავს ედინბურგში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მატჩამდე „ბორჯღალოსნებმა“ „მარიფილდზე“ კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს, რომლის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მომავალ მატჩზე ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: „შოტლანდია კვალიფიციური მორაგბეებით დაკომპლექტებული ძლიერი ნაკრებია. ვიცით, როგორ ითამაშა ექვს ერზე და როგორი ტესტმატჩები ჩაატარა. მათ ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავთ. შოტლანდიასთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობა და გამოწვევა, ამასთან, ჩვენი დაფასებაცაა, რადგანაც საუკეთესო შემადგენლობით გვეთამაშებიან.

როდესაც 2020 წელს „მარიფილდზე“ მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ, ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. ამდენად, მოუთმენლად ველით მომავალ მატჩს და იმედი გვაქვს ამჯერად სტადიონი გაივსება, ისეთი ატმოსფერო იქმნება და ისეთი ემოციებია, ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი ინატრებდა ჩვენს ადგილას ყოფნას“.

მერაბ შარიქაძე: „შოტლანდია ჩვენთან მატჩს საუკეთესო ფორმაში ხვდება, საფრანგეთს ერთი შეხვედრა მოუგეს, მეორეში კი მცირე სხვაობით დამარცხდნენ. თუმცა, ჩვენც კარგ ფორმაში ვართ. 2022 წელი საქართველოს ნაკრებისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო, წელსაც არაერთ გამარჯვებას მივაღწიეთ, თუმცა შოტლანდიის დონის გუნდს არ შევხვედრივართ.

მათთან თამაში ჩვენთვის გამოცდა იქნება და რეალურად გავიგებთ, რა დონეზე ვართ. თუ რაიმე პრობლემა იქნება, სჯობს, ახლა იჩინოს თავი, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე“.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:

9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო

23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია

30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო

7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო