მოურინიო - „იუნაიტედით“ მეორე ადგილზე გასვლა ჩემი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა
ჟოზე მოურინიო დუმილს არღვევს და „იუნაიტედზე“ საუბრობს. პორტუგალიელის განცხადებით, „მანჩესტერ იუნაიტედით“ პრემიერ-ლიგის მეორე ადგილზე გასვლა მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა.
„იუნაიტედმა“, ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ, იდეალური სტარტი აიღო. მათ პირველი ექვსი მატჩიდან ექვსივეს მოგება შეძლეს. თუმცა მოურინიომ თავისი თავი დაიცვა:
„ხანდახან ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც ჩვენს წინაშეა, თუმცა არასდროს ვიცით, თუ რა ხდება სცენის მიღმა. მინდა გახსოვდეთ, რომ კულისებში დატრიალებული ამბავი სცენაზე მიმდინარე მოვლენებზე დიდ გავლენას ახდენს. ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი მომენტია. მაგალითად, თუ მე გეტყვით, რომ პირადად ჩემთვის, ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა „მანჩესტერ იუნაიტედით“ მეორე ადგილზე გასვლა იყო, რას მიპასუხებთ? თქვენ იტყვით, რომ მე შეშლილი ვარ, რომ მე 25 ტიტული მოვიგე და ახლა მეორე ადგილზე გასვლა ჩემს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხალხმა არ იცის, რა ხდება სცენის მიღმა. ჩვენ, სცენის უკან მდგომნი, სულ სხვანაირად ვუყურებთ ყველაფერს.
თუ ისაუბრებთ გვარდიოლაზე, ანჩელოტიზე, დაგეთანხმებით, რომ ისინი მუდმივად იგებენ. მაგრამ მე ვერ ვხედავ ახალგაზრდა ძალას, რომელიც რაიმე ფილოსოფიით იგებს და ფეხბურთზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია“, – დაასრულა მოურინიომ.