პრემიერლიგის 24-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში მოურინიოს შეგირდები გვარდიოლას „სიტის“ შეხვდებიან.
პრინციპულ შეხვედრამდე „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მოურინიო მიიჩნევს, რომ ინგლისის ჩემპიონატში მისი მეტოქეები, გვარდიოლა და კლოპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები არიან, მათ კლუბებს კი დიდი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ.
„პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი საუკეთესო მწვრთნელები არიან, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC. – ისინი სათავეში უდგანან კლუბებს, რომლებსაც ყველაფრის მოგება სურთ. იმისთვის, რომ ყველაფერი მოიგო, ყველა პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები გჭირდება.
გუნდი – ეს თავისებური ფაზლია, რომელიც მწვრთნელმა საკუთარი გემოვნებით უნდა ააწყოს. გვარდიოლამ ერთხელ გადაწყვიტა, რომ საჭიროა მცველების ყიდვა და შეიძინა. კლოპიც ასე მოიქცა, იყიდა ვან დეიკი, მერე კი მიხვდა, რომ არ ჰყოფნიდა და ალისონიც შეიძინა. ასე იქცევიან კლუბები, რომლებსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ. მე კი კლოპისა და გვარდიოლას ფინანსური შსაძლებლობები არ მაქვს.
ჩვენმა გუნდმა ზაფხულში უკვე განახორციელა ის ტრანსფერები, რომელთა საშუალებაც გვქონდა. ტოტენჰემი დიდი კლუბია, შორს მიმავალი პროექტი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვერ ვახერხებთ, საკმარისი ფინანსური რესურსი მოვიძიოთ“, – ამბობს „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი.