მოსამართლემ სოსო რობაქიძეს დარბაზი დაატოვებინა
საქალაქო სასამართლოში, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილი პატრულ-ინსპექტორის დავით გიგაშვილის დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
დაცვის მხარის მოწმე, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, სხდომაზე თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაინახა, როგორ ამოიღეს სამართალდამცველებმა მანქანიდან იარაღები, რასაც სოსო რობაქიძის პროტესტი მოჰყვა.
სოსო რობაქიძის განცხადებით, საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მას უთხრა, რომ იარაღები მანქანაში მათ ჩადეს, ეს ინფორმაცია კი, ბრალდებულმა არ დაადასტურა.
ამის შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სოსო რობაქიძეს დარბაზი დაატოვებინა. ის მანდატურებმა გაიყვანეს.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები ხუთი წელია რაც მიმდინარეობს. მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.