ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილი პატრულ-ინსპექტორი დავით გიგაშვილი იკითხება
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილი პატრულ-ინსპექტორი დავით გიგაშვილი იკითხება

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარის მოწმე, ყოფილი პატრულ-ინსპექტორი დავით გიგაშვილი იკითხება.

მოწმის განმარტებით, ის შემთხვევის ადგილზე იმ დროს მივიდა, როდესაც ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები უკვე დაკავებულები იყვნენ და ადგილზე გადაცემა „პატრულის“ თანამშრომლები მუშაობდნენ.

„რაციით შემოვიდა შეტყობინება, რომ შეიარაღებული პირები იყვნენ მანქანაში. როდესაც მივედი ადგილზე, ვნახე რამდენიმე პატრულის მანქანა. ინსპექტორებს დაკავებული ჰყავდათ რამდენიმე პიროვნება, ისინი ასფალტზე ეწვინათ. ადგილზე გადამღები ჯგუფი მუშაობდა და ვნახე „ბეემვეს“ მარკის მანქანა, რომელიც გაჩერებული იყო. ეს მანქანა იმ დღეს, შუადღისას დაკავებაზე იყო გადაცემული. იყო ინფორმაცია, რომ დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რაღაც შემთხვევას თუ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა დავით გიგაშვილმა.

მოწმის განმარტებით, ადგილზე მისვლის შემდეგ მან დაინახა, როგორ ამოიღეს მანქანიდან იარაღები.

„იქ წყნარი ვითარება არ იყო, ქაოსური იყო. იყვნენ პატრულები. ერთი დაკავებული პიროვნება სახეზე სისხლიანი იყო. მგზავრის მხრიდან პატრულმა ამოიღო ავტომატი, მეორე იყო რევოლვერი, ცოტახანი ვიყავი შემთხვევის ადგილზე. როდესაც მივხვდი, რომ იქ საკმარისი ხალხი იყო და დავალებაც არაფერი მქონდა, გავბრუნდი“, – განაცხადა დავით გიგაშვილმა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები ხუთი წელია რაც მიმდინარეობს. მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.