მოსამართლე გიორგი არევაძე - ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მთავრობის კანცელარიაში, არასოდეს მინახავს პირადად გიორგი გახარია
მოსამართლე გიორგი არევაძე - ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მთავრობის კანცელარიაში, არასოდეს მინახავს პირადად გიორგი გახარია

ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მთავრობის კანცელარიაში და არასოდეს მინახავს პირადად გიორგი გახარია, მასთან შეხება არ მქონია, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

პროცესზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სხდომის გადადება ითხოვა. ზვიად კორძაძემ განმარტა, რომ ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი და გიორგი არევაძე პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ღამის საათებში კაბინეტში იყვნენ, რა დროსაც მოსამართლემ გახარიასგან დავალება მიიღო, გვარამიას საქმე აეცილებინა.

ადვოკატის განცხადებით, ვიდრე პროკურატურის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სასამართლო პროცესები უნდა გადაიდოს. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა კი მოსამართლეს მიმართა, რომ მისი საქმე განეხილა.

მოსამართლემ მხარეებს კითხვით მიმართა, სჯერათ თუ არა გვარამიას გავრცელებული ინფორმაციის. კორძაძეს კითხვაზე არ უპასუხია და განმარტა, რომ მას ეტაპზე მიაჩნია, აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოზე უნდა დადგეს.

მოსამართლემ სხდომის გადადების შუამდგეომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც ასევე არ გაითვილისწინა სასამართლომ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა. ბრალდება წარდგენილია ავთანდილ წერეთლის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).