მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 30 აპრილს განახლდება
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 30 აპრილს განახლდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი 30 აპრილს, 16:00 საათზე განახლდება.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა მოწმე გიორგი ლომინაძე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველია. ის ავარიის დროს მერაბ კვირიკაშვილის ავტომობილში იჯდა.

ამასთან, დღეს დაცვისა და ბრალდების მხარეები მტკიცებულებებზე შეთანხმდნენ, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით,  აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლევას არ დაექვემდებარება.

მომავალ სხდომაზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც დაცვის მხარემ სადავოდ გახადა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე დაიღუპნენ.