მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის” წარმომადგენლები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ.
თორნიკე რიჟვაძემ ისინი მთავრობის სახლში მიიწვია.
შეწყდეს ისტორიული ბათუმის ნგრევა, ქაოტური მშენებლობები, დადგინდეს ისტორიული დაცვის ზონა, შემუშავდეს ქალაქის განვითარების გეგმა, გაუქმდეს ე.წ. ზონალური საბჭო და ნებართვების გამცემი ორგანოები დაკომპლექტდეს პროფესიული ეთიკის მქონე კადრებით,- ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომელიც ორგანიზაციის წევრებმა აჭარის მთავრობის მეთაურს წარუდგინეს.
„აჭარის მეთაურმა წინადადებით მოგვმართა, დავსხდეთ მრგვალ მაგიდასთან და მოვისმინოთ ერთმანეთის არგუმენტები. ჩვენმა ჯგუფმა მიიღო ეს გამოწვევა და დღეს ვხვდებით მთავრობის თავმჯდომარეს, რადგან ეს არის ურთიერთობის ერთ-ერთი ცივილიზებული ფორმა”, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ზეინაბ დიასამიძემ.
ბათუმის ევროპული ნაწილის დაცვის ზონის დამტკიცების მოთხოვნით, ბათუმელებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს. პარალელურად კი, მერს ღია წერილიც გაუგზავნეს.