მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მძღოლებისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება გახდება საჭირო
მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მძღოლებისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება გახდება საჭირო

სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორიის AM-ის დამატება იგეგმება, რომელიც მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს გააერთიანებს. შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ცვლილებებით, სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს A2 ქვეკატეგორიაც ემატება, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის-წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს. ამასთან, ცვლილებებით, A1 და B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და 17 წლის ნაცვლად, 18 წელი ხდება.

„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი 17 წელი არის, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში.

საქართველოში დღეისათვის მოქმედი ქულათა სისტემის მიუხედავად, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციებისა, საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას. 18 წლამდე ასაკის მართვის უფლების მქონე პირებს შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრთა გადაყვანა და შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა ეკრძალებოდათ. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებებით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის-ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მიზანშეწონილი არ არის, რომ 18 წლამდე ასაკის პირებს შეეზღუდოთ შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით, დასახელებული სატრანსპორტო საშუალებით შემოსავლის მისაღებად მგზავრთა გადაყვანა კი შეუძლებელია. დღეისათვის მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული. აქედან გამომდინარე, კანონის ეს პუნქტები არარელევანტურია და შესაბამისად, მათი ამოღება ხდება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ამასთან, ცვლილებებით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები (გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით). კანონპროექტით კონკრეტდება, რომ მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები, როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, დაექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას, ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.

„კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომ პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას ჩააბარებს (მიიღებს დადებით შეფასებას) 2019 წლის პირველ ივლისამდე, მის მიმართ გავრცელდება ამ კანონის 2019 წლის პირველ ივლისამდე არსებული რეგულაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირები პრაქტიკულ გამოცდასაც ჩააბარებენ წინამდებარე ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული წესით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარკვეული გარდამავალი პერიოდის დაწესებასაც (კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე), რომლის განმავლობაშიც AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) მართვა დასაშვები იქნება მართვის მოწმობის გარეშეც.

გარდამავალ პერიოდში, ასევე დასაშვებია AM კატეგორიის ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოში. გარდამავალი პერიოდის დაწესება განპირობებულია იმით, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ გარკვეული დრო, რათა მოახდინონ ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია, ჩააბარონ შესაბამისი თეორიული გამოცდა, მიიღონ შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მფლობელობაში არსებული AM კატეგორიის (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) სატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ სააგენტოში“, – აღნიშნულია კანონპროექტში.