მონტენეგრო გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევებს
მონტენეგრო გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევებს

მონტენეგრო უერთდება დიდ ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე სხვა პარტნიორებს და გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვიზიარებთ შეშფოთებას ამ ქმედებების გამო, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და კანონზე დაფუძნებულ წესრიგს. საქართველო რჩება მონტენეგროს ღირებულ პარტნიორად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.