მოლდოვაში დროებითი მთავრობა შეიქმნა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არალეგიტიმურად მიიჩნევს
მოლდოვაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა. არჩევნებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, მოლდოვის პარლამენტში პრორუსულად განწყობილ „სოციალისტებსა“ და მემარცხენე პროევროპულ ბლოკს შორის კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ კონსენსუსი შედგა. 8 ივნისს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, პოლიტიკურმა ძალებმა სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის” (PAS) კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს. პარლამენტის სპიკერად კი სოციალისტების პარტიის ლიდერი ზინაიდა გრეჩანაია აირჩიეს.
პარლამენტის საგანგებო სხდომა ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში, გამორთული მიკროფონებით გაიმართა, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ტექნიკური პერსონალი სამსახურში არ გამოცხადდა. სხდომას 101 დეპუტატიდან მხოლოდ 61 ესწრებოდა. სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა დემოკრატიული პარტიისა და რუსი ბიზნესმენის ილან შორის პარტიის დეპუტატები.
აღსანიშნავია, რომ 8 ივნისს დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა. საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე შესაბამისი განცხადება ჯერ კიდევ პარლამენტის საგანგებო სხდომის დასრულებამდე გამოჩნდა, განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 ივნისს დეპუტატების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არალეგიტიმურად მიიჩნევა. მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, პარლამენტი, რომელმაც სამი თვის განმავლობაში კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, უნდა იქნას დათხოვნილი და მას საკანონმდებლო საქმიანობისა და მმართველი ორგანოების ჩამოყალიბების უფლება არ აქვს.