მოლდოვამ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
მოლდოვამ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა

მოლდოვამ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური კიშინიოვის გადაწყვეტილება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას უკავშირდება.

მოლდოვაში ამბობენ, რომ რუს დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად შვიდი დღე მიეცათ.

„მოლდოვის გადაწყვეტილება არის ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შედეგი, რომელმაც სოლსბერის თავდასხმას კოლექტიური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის საფრთხის კვალიფიკაცია მიანიჭა“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სკრიპალის მოწამვლაში ბრიტანეთმა რუსეთი დაადანაშაულა და რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან კონტაქტი გაწყვიტა. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

ამასთან, ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს აშშ. რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის 14-მა ქვეყანამაც. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ ნატო ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს.