მოგება ტოპ-გუნდთან - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მოგება ტოპ-გუნდთან - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ბათუმის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძლიერ მეტოქეს, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა და მოულოდნელად, მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ინგლისი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ 24-ე წუთზე ანგარიში „საბურთალოს“ თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილი გახსნა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საჯარიმოსთან მოგერიებულ ბურთი ძლიერი დარტყმით კარში გაუშვა – 1:0.

ინგლისელებმა საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ ფოლარინ ბალოგანმა, ენჯელ გომესმა და რაიან ბრიუსტერმა ძალიან რეალური შანსებით ვერ ისარგებლეს. ბოლო მომენტში მათ სიზუსტე აკლდებოდათ, ერთ ეპიზოდში კი მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.

რამაზ სვანაძის გუნდმა მეორე ტაიმში უპირატესობა სამი გიორგის მონდომებით სწრაფად გაზარდა – გაგუას და გოჩოლეიშვილის განვითარებული იერიში გულიაშვილმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დარტყმით დააგვირგვინა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა – 2:0.

საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და 65-ე წუთზე მეტოქის კარი მესამედაც აიღო. მესამე გოლიც „საბურთალოს“ ფეხბურთელმა გაიტანა. გიორგი გოჩოლეიშვილი საჯარიმოსთან ეფექტურად გაცდა ლუკ თომასს, რამდენიმე ინგლისელს ჩაურბინა და ზუსტად დაარტყა – 3:0.

სტუმრებმა მატჩის მიწურულს სხვაობის შემცირება მოახერხეს. 81-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ კარში თომას დოილმა დაარტყა, კლინტონ მოლამ ბურთს მიმართულება შეუცვალა და – 3:1. ინგლისელებმა 90+4 წუთზე მეორე გოლიც გაიტანეს – კუთხურის მოწოდების შემდეგ, კარის აღება მარკ გეიმ მოახერხა.

საბოლოოდ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3:2 მოიგო ძლიერ მეტოქეს. რამაზ სვანაძის გუნდის მოულოდნელი და სასიამოვნო გამარჯვება სამომავლოდ იმედს გვიტოვებს, რომ ჩვენი ნაკრები 2023 წელს საქართველოსა და რუმინეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ითამაშებს.