მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ 11 ნოემბრიდან აქციებს რეგიონებში გამართავს
მოძრაობის, „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრები მრავალრიცხოვან აქციებს რეგიონებშიც გამართავენ, – ამის შესახებ კოკა გუნცაძემ რუსთაველის თეატრთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
კოკა გუნცაძემ აქციის მონაწილეებს მოქმედების გეგმა გააცნო.
„ჩვენ 11 ნოემბერს თელავში ჩავატარებთ მრავალრიცხოვან აქციას. იქვე გახსნილია ოფისი და ყველა მსურველს შეეძლება ჩვენთან ერთად წამოვიდეს. წინასწარ გამოვაცხადებთ, საიდან იქნება გასვლა და სად ვიკრიბებით. 16 ნოემბერს გავემგზავრებით ბათუმში, 17 ნოემბერს – ქუთაისში და სამტრედიაში, 20 ნოემბერს გორში და შემდგომ რუსთავში. არჩევნების წინა დღეს 17:00 სთ-ზე ყველანი ვიკრიბებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც გრანდიოზული მსვლელობა მოეწყობა“, – განაცხადა კოკა გუნცაძემ.
რუსთაველის თეატრთან საზოგადოების წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს.