გიორგი ვაშაძე - მომავალი კვირიდან აქციები რეგიონებშიც გაიმართება
გიორგი ვაშაძე - მომავალი კვირიდან აქციები რეგიონებშიც გაიმართება

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან აქციები რეგიონებშიც გაიმართება. როგორც ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეგიონებში აქციები ქუთაისიდან დაიწყება. ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება.

ვაშაძის განცხადებით, ელოდებიან ეუთო-ს დასკვნას ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. ამის შემდეგ კი, „ახალი საქართველოს“ ლიდერის ინფორმაციით, დიდი აქციის თარიღს განსაზღვრავენ.

„მომავალ კვირაში იწყება რეგიონში აქციები. აქციები დაიწყება პარასკევს ქუთაისიდან. სავარაუდოდ, 14:00 საათზე გვექნება დიდი აქცია-მსვლელობა ქუთაისიდან. ასევე, ველოდებით მოსამართლეებთან დაკავშირებით კომიტეტს და აუცილებლად იქნება პიკეტირება. ეს უნდა იყოს სავარაუდოდ სამშაბათი, ოთხშაბათი, ან ხუთშაბათი.

ხვალ უკვე იგზავნება დოკუმენტური ეუთო-ში და შესაბამისად, მათი წინარე პასუხი რაც იქნება, ამაზე არის დაკავშირებული დიდი აქციის თარიღი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ბეჭედი უნდა დაესვას იმას, რომ კანონი არის კონსტიტუციასთან შესაბამისი. უნდა დაიწყოს უფრო ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, რისი კონკრეტული სვლები და გეგმებიც გაგვაჩნია“,- აღნიშნა ვაშაძემ.