მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ
მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათი პროტესტის მიზეზი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12-წლიანი პატიმრობის შეფარდებაა.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება ამ თემასთან დაკავშირებით დუმს და პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს არ დგამს. „სირცხვილიას“ წევრების თქმით, სამინისტროსთან შეიკრიბნენ, რათა სახელმწიფოს მოსთხოვონ, რომ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე კონკრეტული ქმედებები განახორციელონ.

აქციას შეუერთდა ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

„ჩვენ ვუერთდებით აქციას და მხარს ვუჭერთ მოთხოვნას, რომ საქართველოს მთავრობა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეების დაცვას და არ იყოს ჩუმად, როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებს ოთხოზორია იქნება, ტატუნაშვილი თუ სხვა, კლავენ რუსი ოკუპანტები თუ სეპარატისტები. არ იყოს ჩუმად და უმოქმედოდ, როდესაც ამ შემთხვევაში, გახელაძეს 12 წლით აპატიმრებენ, რადგან ეს ყოველივე ასე არ დასრულდება, კიდევ და კიდევ მეტი ადამიანი იქნება დაპატიმრებული თუ გატაცებული საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. ჩვენ მოვითხოვთ ადეკვატურ მოქმედებებს საქართველოს მთავრობისგან. საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციაზე შეკრებილებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა აქციის ერთ-ერთი მონაწილის ტერიტორიიდან გარიდება სცადა, თუმცა მათ ამის საშუალება მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა არ მისცეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს დღეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.