მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ ორგანიზებით პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გაიმართა
მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ ორგანიზებით პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გაიმართა

მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრების ორგანიზებით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ.

მათი თქმით, პარლამენტში საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე შეტანილია. ისინი აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.

მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ რამდენიმე წევრი, მათ შორის პატიმრების მშობლები, უკვე ათ დღეზე მეტია, პარლამენტის შენობის წინ შიმშილობენ.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

აღსანიშნავია, რომ პატიმრების მოშიმშილე მშობლებს გუშინ პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეხვდა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პატიმრების მშობლების მიერ დაყენებულ საკითხს პარლამენტი ყურადღებით ეკიდება და პატიმართა ოჯახებზე ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს.