მოძრაობა „ლელოს“ მიერ რაზმაძეების ოჯახისთვის შეძენილ სახლს ჯერ მფლობელი არ გამოუჩნდა
მოძრაობა „ლელოს“ მიერ რაზმაძეების ოჯახისთვის შეძენილ სახლს ჯერ მფლობელი არ გამოუჩნდა

რაზმაძეების ოჯახისთვის შეძენილი სახლის კონსტრუქციებით დატვირთული ავტომანქანა სოფელ გუგუტიანთკარში რამდენიმე დღით დარჩება.

მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა რაზმაძეების ოჯახისთვის შეძენილი სახლის კონსტრუქციებით დატვირთული ავტომანქანა სოფელ გუგუტიანთკარში რამდენიმე დღით დატოვეს.

მოძრაობის წევრის, თეონა დოლენჯაშვილია განცხადებით, სახლი დარჩება რამდენიმე დღით, ვიდრე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული თავად რაზმაძეების მიერ ადგილის შერჩევაზე.

თავდაპირველად სახლის კონსტრუქციების დალაგება სოფელ გუგუტიანთკარში ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იგეგმებოდა, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ.

დოლენჯაშვილის თქმით, ისინი გაესაუბრნენ ერთ-ერთ ოჯახს, რომელმაც დართო ნება, ეს კონსტრუქციები ეზოში მდებარე ფიცრულში დაელაგებინათ, თუმცა შემდეგ, როგორც დოლენჯაშვილი აცხადებს, ამ ქალბატონს დაურეკეს და უთხრეს, რომ ეს მისი ტერიტორია არ იყო.

„გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავვარდით. არც მერია გვეხმარება, გაურკვეველია პოზიცია გივი რაზმაძის ოჯახისგანაც. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს სახლი ჩამოგვეტანა გუგუტიანთკარში. ამ მოცემულობაში ვართ, რომ მანქანას აქ ვტოვებთ დატვირთული სახლით, არ დაგვასაწყობინებინეს ამ მიწაზე, აგვიკრძალეს ჩვენც, იმ მოსახლესაც, რომელსაც შევუთანხმდით. იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში გაირკვევა ეს გაუგებრობა, დაგვეხმარება თუნდაც მერია ან ბატონ გივის ექნება სურვილი და მიხედავს მის ქონებას რომელიც ჩვენ მას ვაჩუქეთ. თუ კი მან მტკიცე უარი განგვიცხადა და გვეუბნება, რომ არ მინდა გუგუტიანთკარში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ბენეფიციარი შეიცვლება“, – განაცხადა დოლენჯაშვილმა.

კითხვაზე, რაზმაძეების განცხადებით, პირობა არ ყოფილა სახლის უშუალოდ გუგუტიანთკარში განთავსება, დოლენჯაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი თავიდანვე ნაგუსლიხმევი იყო.

„სახლი სწორედ იმ სოფელში უნდა მდგარიყო, საიდანაც რაზმაძეების ოჯახი იძულებული გახდა, წამოსულიყო. გუგუტიანთკარში ხდება ბორდერიზაცია და ჩვენი მიწების მიტაცება. ეს არის სწორედ ის დიდი პოლიტიკა, რომელსაც ყველა უნდა მივსდევდეთ, ამ შემთხვევაში ნამდვილად არის ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი“,- აცხადებს დოლენჯაშვილი.

ამასთან, თეონა დოლენჯაშვილის განცხადებაზე, რომ სატელეფონო ზარის შემდეგ ერთ-ერთმა დევნილმა უარი თქვა, სახლის კონსტრუქციები სკოლის ეზოში არსებულ ფიცრულში დაელაგებინათ, დევნილი თინა ბიძინაშვილი ამბობს, რომ ის მოერიდა რაზმაძეების ოჯახთან რაიმე ტიპის გაუგებრობას.

მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა სახლის კონსტრუქცია დღეს გორში ჩაიტანეს და აღნიშნეს, რომ სახლი მხოლოდ გუგუტიანთკარში უნდა დაიდგას. ამასთან, რაზმაძეების ოჯახში განაცხადეს, რომ არ აქვთ ადგილი შერჩეული, სადაც „ლელოს“ მიერ ნაჩუქარ სახლს ჩადგამენ. მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად არ იყო ის პირობა, რომ სახლი აუცილებლად გუგუტიანთკარში უნდა ყოფილიყო.