თეონა დოლენჯაშვილი აცხადებს, რომ გივი რაზმაძისთვის შეძენილ სახლს იმ ოჯახს გადასცემენ, რომელიც გუგუტიანთკარში იცხოვრებს
თეონა დოლენჯაშვილი აცხადებს, რომ გივი რაზმაძისთვის შეძენილ სახლს იმ ოჯახს გადასცემენ, რომელიც გუგუტიანთკარში იცხოვრებს

მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი თეონა დოლენჯაშვილი აცხადებს, რომ სახლს იმ ოჯახს გადასცემენ, რომელიც გუგუტიანთკარში იცხოვრებს.

როგორც თეონა დოლენჯაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რაზმაძეების ოჯახს არ სურს, სახლი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ აჩუქა, გუგუტიანთკარში დაიდგას.

„ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ, რადგან აქამდე როგორც ვიცოდი, სხვა პოზიცია ჰქონდათ მათ და მართალი რომ გითხრათ, ცოტა გაოცებულიც ვარ. მიპასუხეს, რომ მათ არ სურთ, ეს სახლი იდგას გუგუტიანთკარში. უნდათ მშვიდი და ნორმალური ადგილი, სადაც ამ სახლს დადგამენ და ასეთ ადგილს თავად გამოძებნიან გორში. როდესაც ვკითხე, რატომ იქ არა, მითხრეს, რომ იქ ფიზიკურად არ არის ადგილი, იქიდან ხალხი გამორბის.  ლევან რაზმაძის საუბრიდან გამოდიოდა, რომ მშვიდი და ნორმალური ცხოვრება უნდა, გორში იპოვის ადგილს და იქ მივიტანოთ ეს სახლი. როდესაც ლევან რაზმაძე ამბობს, რომ არ მინდა პოლიტიკაში ჩართვა, გულისხმობს, რომ გუგუტიანთკარში თუ იცხოვრებს, ეს არის პოლიტიკაში ჩართვა. თან მესმის ამ ადამიანების, მათ არ აქვთ უსაფრთხების განცდა, მაგრამ ეს არის თითოეული ჩვენგანის საქმე“, – განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა, რომელიც გივი რაზმაძის შვილს, ლევან რაზმაძეს ესაუბრა.

მისივე თქმით, რაზმაძეების ოჯახის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან პირადად მამუკა ხაზარაძე ესაუბრა და მათი მხრიდანაც იყო მადლობა ნათქვამი.

„ჩვენი მიზანია, ეს სახლი დავდგათ გუგუტიანთკარში, მსურველი ვინც იქნება. ამას პირადად არ ვწყვეტ, ახლა დავილაპარაკებ მოძრაობასთან, ბატონ მამუკასაც ვკითხავთ, რადგან ეს პირადად მისი საჩუქარი იყო. მე, როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ გორში არ უნდა იყოს ეს სახლი და უნდა იყოს იქ, საიდანაც ეს ადამიანები აყარეს. მოვიფიქრებთ, მსურველი თუ გამოჩნდება, მას ვაჩუქებთ, ვინც იცხოვრებს გუგუტიანთკარში. თუკი რაზმაძეების ოჯახს არ უნდა, მაშინ სხვა გზა არ არის. შეიძლება ვინმეს აქვს მიწა და აქვს სურვილი. გადაწყვეტილია, რომ გორში, ეზოებში და კორპუსებში ამას არ ვაკეთებთ. ამას ვაკეთებთ გუგუტიანთკარში“, – განაცხადა დოლენჯაშვილმა.