მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე ჩვენებას აძლევს
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე ჩვენებას აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი მივიდა და ის სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

„ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ და ეს სიმართლე არის ის, რაც ჩანს ვიდეოში. ყველამ ნახა, როგორ აგრესიულად იქცეოდა ფედერაციის პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, გეგა გეგეშიძე თანამდებობას დატოვებს. მჯერა სამართლიანობის. რასაც გეგეშიძე აცხადებს, ტყუილია. კადრებში კარგად გამოჩნდა, ვინ ვის ურტყამდა“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ჯერ უცნობია, დაკითხავს თუ არა ბრალდება იგივე ფორმატში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს.

როგორ ირკვევა, პროკურატურას სასამართლოსთვის გეგეშიძის დაკითხვის მოთხოვნით არ მიუმართავს.

2019 წლის 11 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართული ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.  დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.

დაპირისპირების შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.