მკვლევრებმა მთელი სამყაროს ამ დროისათვის უდიდესი სიმულაცია შექმნეს და ის უფასოდ არის ხელმისაწვდომი — #1tvმეცნიერება
მკვლევრებმა მთელი სამყაროს ამ დროისათვის უდიდესი სიმულაცია შექმნეს და ის უფასოდ არის ხელმისაწვდომი — #1tvმეცნიერება

ასტრონომია მრავალი სხვა მეცნიერებისგან იმით განსხვავდება, რომ მხოლოდ ერთი ნიმუში გაქვს. კოსმოსი ყველაფერს შეიცავს, რასაც შეგვიძლია დავაკვირდეთ და შესაბამისად, ასტრონომები სხვა სამყაროებს ვერ შეისწავლიან იმის გასარკვევად, როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო.

თუმცა, შეუძლიათ სამყაროს კომპიუტერული სიმულაციების შექმნა. სიმულაციის სხვადასხვა ასპექტის შეცვლით, ასტრონომებს შეუძლიათ ნახონ, რა როლს თამაშობს სამყაროში სხვადასხვა რამ, მაგალითად, ბნელი მატერია და ბნელი ენერგია.

ერთ-ერთი ასეთი სიმულაცია უკვე თქვენც შეგიძლიათ მოსინჯოთ.

სიმულაცია, სახელად Uchuu, ამ დროისათვის სამყაროს უდიდესი და ყველაზე დეტალური სიმულაციაა. შეიცავს 9,6 მილიარდი სინათლის წლის სიგანის სივრცეში თავმოყრილ 2,1 ტრილიონ „ნაწილაკს“. სიმულაცია 13 მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარე სამყაროს ევოლუციის მოდელირებას ახდენს. არ არის ფოკუსირებული ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოქმნაზე, უფრო ორიენტირებულია გაფართოებად სამყაროში ბნელი მატერიის ქცევაზე.

Uchuu-ს დეტალები იმდენად მაღალი რეზოლუციისაა, რომ მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა თითქმის ყველაფერი, გალაქტიკათგროვებიდან და ბნელი მატერიის ჰალოებიდან დაწყებული, ცალკეული გალაქტიკებით დამთავრებული. ვინაიდან სამყაროს უდიდეს ნაწილს ბნელი მატერია შეადგენს, ის გალაქტიკების წარმოქმნისა და შეჯგუფების მთავარი წარმმართველია.

ასეთი დეტალური მოდელის შექმნას წარმოუდგენლად მძლავრი კომპიუტერი და უზარმაზარი მეხსიერება სჭირდება. სიმულაციის შესაქმნელად, მკვლევართა ჯგუფმა 40 000-ზე მეტი კომპიუტერის ბირთვი გამოიყენა, დასჭირდა ჯამში 20 მილიონი საათი და საბოლოოდ, მიღებული მონაცემების მოცულობამ 3 პეტაბაიტი შეადგინა.

ეს იგივეა, რაც 3000 ტერაბაიტი ან 3 მილიონი გიგაბაიტი. თუმცა, მაღალი სიმკვრივის შეკუმშვის გამოყენებით, ჯგუფმა შედეგები 100 ტერაბაიტამდე შეკუმშა.

მაინც ძალიან დიდი მოცულობაა, მაგრამ მისი შენახვა ერთ დრაივზეა შესაძლებელი და მთელი სამყარო თქვენს ჯიბეში იქნება.

თუ ამხელა მოცულობის მეხსიერების ბარათი არ გაქვთ, მონაცემებზე წვდომა ონლაინაც არის შესაძლებელი. Uchuu-ს ჯგუფმა ნედლი მონაცემები skiesanduniverses.org-ზე განათავსა და შესაბამისად, ვირტუალური სამყაროს კვლევა მარტივად შეგიძლიათ.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.