მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი და შვილი საქმის დეტალებზე საუბრობენ
მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი და შვილი საქმის დეტალებზე საუბრობენ

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული ალი რეზა სულეიმან პაკის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ, დაუსაბუთებელია.

როგორც ადვოკატმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, როგორც წესი, სასამართლო ამ მუხლით ჩადენილ დანაშაულზე ყოველთვის პროკურატურის მხარეს იჭერს და არ ითვალისწინებს მტკიცებულებებს, არის თუ არა რამე ფაქტობრივი გარემოება ან ფორმალური საფუძველი პირის დასაკავებლად.

„ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა უკანონო და დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება განზრახ მკვლელობის მომზადებას. განზრახ მკვლელობის მომზადებას უნდა ახასიათებდეს გარკვეული ქმედებები. მოცემულ შემთხვევაში არც ერთი წერილობითი დოკუმენტი, არც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები არ მიუთითებენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა რაიმე ქმედება განახორციელა, არა თუ ამ საქმეში დაზარალებულის, რომელიც თითქოს უნდა მოეკლათ, არამედ ზოგადად ბუნებაში არავის მიმართ. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს არც წერილობითი და მით უმეტეს არც ფარული ვიდეო გადაღების.

ამ ვიდეოებში ფაქტობრივად არაფერი ჩანს. იქ ჩანს მხოლოდ, რომ პირი, რომელსაც ფარული კამერა ამაგრია, ხვდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. საუბრობენ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში არსებულ ბიზნესზე და ხერხებზე ევროკავშირში, შენგენის ზონაში გადასაადგილებელ ვიზებზე. ასევე, საქართველოში სასტუმროს შეძენაზე. რაც შეეხება მკვლელობის მომზადებაზე და თითქოს დაგეგმვაზე, არანაირი საუბრები არ ჩანს ვიდეოში. ამასთან, ფაქტობრივად არ ისმის დიალოგი. შეუძლებელია აღიქვა ამ ვიდეოში, თუ რას ეხება საუბარი, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ხმა ფაქტობრივად, არ ისმის“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულისთვის საქართველოში ბიზნესის წართმევა სურდათ და ვიღაცამ სპეციალურად გაავრცელა მისი სახელის გამტეხი ცნობები.

„ეს ვიღაც კი არის ის, ვისაც ბრალდება დაზარალებულად მიუთითებს. ხოლო, ბრალდების მხარის აპელირება, თითქოს განზრახ მკვლელობის მომზადებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გეგმავდა შურისძიების მოტივით, არის თითიდან გამოწოვილი და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება“, – აცხადებს ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ალი რეზა სულეიმან პაკი სინამდვილეში არ არის ირანის მოქალაქე, გერმანიაში ცხოვრობს და ირანში შესვლაც კი აკრძალული აქვს.

ამასთან, პირველ არხთან კომენტარს აკეთებს დაკავებულის შვილი ანტონ სულეიმონიც. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ალი რეზა სულეიმან პაკი რესტორან „ნაიების“ მფლობელი და ირანის მოქალაქეა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„რესტორნის 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, კანადის მოქალაქე ანტონ სულეიმონი. ალი რეზა პაკი, არის გერმანიის მუდმივი მცხოვრები, პოლიტიკურად აქტიური პიროვნება და ის მუშაობს გერმანიის უმაღლეს საგამოძიებო სამართალდამცველ ორგანოში. კერძოდ ალი რეზა სულეიმან პაკი არის გერმანიის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამომძიებელი. ამასთან, მას ირანში შესვლა ეკრძალება იმის გამო, რომ იბრძვის ირანის რეჟიმის წინააღმდეგ.​ ვაჰიდ ებადი, ვის მკვლელობის მომზადებასაც მას გამოძიება ედავება, წილს ფლობს რამდენიმე ბიზნესში, მათ შორის რესტორან „1001 ღამეში“. ჩემი ინფორმაციით, მან ალი რეზა პაკს დაახლოებით 6-ჯერ უჩივლა სასამართლოში, ვალის ქონასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ, თავადვე არ ცხადდებოდა სასამართლოში.

რამდენიმე კვირის წინ, ალი რეზა პაკი „ნაიებში“ სადილობდა, რა დროსაც, მას ვაჰიდ ებადი მოუვარდა, ამოიღო იარაღი და ემუქრებოდა მისი და მისი 13 წლის ქალიშვილის ლიკვიდაციით. ამავე დროს, შეაშინა რესტორანში მყოფი პერსონალიც. შემდეგ მან დატოვა რესტორანი, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია და სამართალდამცველებმა ვაჰიდ ებადი სახლში დააკავეს, ის წაიყვანეს სამმართველოში დაკითხვაზე. ამასთან გაჩხრიკეს მისი კუთვნილი ერთ-ერთი რესტორანი“, – აღნიშნა დაკავებულის შვილმა.

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ ალი რეზა სულეიმან პაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დღეს მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი