მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ ირანის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა
მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ ირანის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს ალი რეზა სულეიმან პაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც პროკურორმა თეა გიორგაძემ განაცხადა, მკვლელობის შეკვეთის მოტივი შურისძიებაა.

„სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მოცემული შუამდგომლობა ეყრდნობოდა სამართლებრივ საფუძვლებს და არგუმენტირებული იყო საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

მკვლელობის შეკვეთის მოტივი არის შურისძიება. ანუ ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივი არის გამოკვეთილი. რაც შეეხება მტკიცებულებებს, არის მოწმეთა ჩვენებები, ასევე ვიდეოჩანაწერები. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებთან და მოტივთან დაკავშირებით, მეტი კონკრეტიკისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ მომენტში თავს შევიკავებ“, – განაცხადა თეა გიორგაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1964 წელს დაბადებულ მამაკაცს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე გუშინ დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის 1981 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ თბილისში, ა.პ.-მ კონკრეტულ პირს, იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მოიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

დატოვე კომენტარი