მიწისქვეშა ​ავტოპარკინგების მშენებლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ტექნიკური და ეკონომიკური კვლევების საფუძველზე იქნება მიღებული
მიწისქვეშა ​ავტოპარკინგების მშენებლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ტექნიკური და ეკონომიკური კვლევების საფუძველზე იქნება მიღებული

მიწისქვეშა ​ავტოპარკინგების მშენებლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ტექნიკური და ეკონომიკური კვლევების საფუძველზე იქნება მიღებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, სამი ლოკაცია, რომლებზეც დღეს ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, არის კერძო პროექტები.

„ჩვენს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა, პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ტექნიკური და ეკონომიკური კვლევების ჩატარებას, რადგან კვლევების საფუძველზე უნდა მივიღოთ უშუალოდ მშენებლობაზე გადაწყვეტილება. ეს დაახლოებით გაგრძელდება 3-4 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ უკვე გაფორმდება ხელშეკრულება და მშენებლობა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ კვლევა დაადგენს, რომ პროექტების განხორციელება არის შესაძლებელი და უსაფრთხო. დღეს დავიწყებთ უკვე კომუნიკაციას ბიზნესსექტორთან და გვექნება ინფორმაციის გაცვლა. რაც შეეხება დანარჩენ 7 ლოკაციას, ამაზე გაგრძელდება მუშაობა”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისში, გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინების მოწყობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა დღეს გამოცხადდა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯამში, სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი